პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა

პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე, პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე, „წიწაკის სპრეი“ და წყლის ჭავლი გამოიყენა.

შსს აცხადებს, რომ „მას შემდეგ, რაც დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეების გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს.“


„მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეების გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.

მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას. კანონდარღვევის ნებისმიერ ქმედებებზე პოლიცია სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ,“ წერს შსს.


საღამოს 8 საათისთვის პარლამენტმა მეორე მოსმენითაც მიიღო სადავო კანონპროექტი. მოსმენა მოსმების თარიღი ჯერ დაუზუსტებელია.

პლენარული სესიის პარალელურად საპროტესტო დემონსტრაცია დაიწყო.

საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ დეპუტატებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა უსაფრთხოდ დატოვეს პარლამენტის შენობა, ხოლო პოლიციამ „სრულად დატოვა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.“


30 აპრილისა და პირველი მაისის ღამით, რუსთაველის გამზირზე, დაძაბულობისა და დაპირისპირების შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე გრძელდება. მმართველი პარტია მწვავე საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, სადავო კანონის დაცვას განაგრძობს.

შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.“ შს მინისტრის მოადგილის თქმით, აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდა 6 პოლიციელი.


სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეწყვიტა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა.


შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო.