„პოლიტიკაში ზოგჯერ ხდება სასწაულები და სხვადასხვა მიზეზის და ინტერესების თანხვედრათა გამო - პროცესების დაჩქარება, ანუ იხსნება ე.წ. „შესაძლებლობათა ფანჯარა“ და ჩვენ, მოვლენების ამგვარი განვითარებისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რათა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს არ მივცეთ საბაბი წამოგვაძახონ, „აი, საქართველოს ჰქონდა ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა და ეს შანსი მან ხელიდან გაუშვა შიდა არეულობების გამო“, - აცხადებს Europetime-თან ინტერვიუში თედო ჯაფარიძე, ამერიკაში საქართველოს საგანგებო და სრულფასოვანი ელჩი (1994 – 2002), საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი.
_ბატონო თედო მადლობა ინტერვიუსთვის, პირველ რიგში საინტერესო იქნებოდა საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდვივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის შეფასებით რომ დავიწყოთ, თქვენი აზრით, რა გზავნილებს შეიცავდა ეს ვიზიტი, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ყარსში სამშვიდობო შეთანხმებამ ახალი რეალობა შექმნა?
მე სახელმწიფო მდივნის ბატონ პომპეოს ვიზიტს შევაფასებ მხოლოდ როგორც ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქე, რომელმაც ამ ვიზიტის შესახებ უაღრესად შეკვეცილი ინფორმაცია მიიღო საინფორმაციო წყაროების მეშვეობით - ტელევიზიებიდან და სააგენტოებიდან.
გასაგები, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ნებისმიერი ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსათვის. ამგვარი ვიზიტი უძლიერესი დიპლომატიური გზავნილია ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეებისათვის და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მათთვის, ვისაც არ სურს იხილოს სატაბილური და ძლიერი საქრთველო.
ახლა რაც შეეხება კონკრეტულად სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტს. ზემოთ მოგახსენეთ, რომ ეს საკმაოდ „უცნაური“ ვიზიტი გახლდათ - არ გაკეთებულა რაიმე განცხადება თავად ბატონ პომპეოს მიერ ამ ვიზიტის მიზნებსა და შედეგებზე. იყო რამდენიმე ოფიციალური, მაგრამ დახურული შეხვედრა, საუბარი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლის შემადგენლობა აშშ-ის საელჩოს მიერ იყო შერჩეული.
ისაუბრეს თუ არა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ და ჩვენმა ოფიციოზმა მთიანი ყარაბაღის მოვლენების თაობაზე და იმ ახალ რეალობაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა - ვერაფერს გეტყვით. იმედია, რომ ისაუბრეს. რა დასკვენები გამოიტანეს, არ ვიცი. გასაგებია, რომ ამ ომმა და სამშვიდობო განცხადებამ (და არა "ხელშეკრულებამ") ახალი რეალიები შექმნა რეგიონში - რუსეთის „სამშვიდობო" შენაერთებმა დაიკავეს პოზიციები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და სამხრეთ კავკასიაში აქტიურად შემოვიდნენ თურქეთის სამხედრო ძალები. ეს უკვე სტრატეგიული ფაქტია. დაიწყო ახალი რეალიების შექმნის პროცესი და თუ როგორ განვითარდება ეს პროცესები, ჯერ ამის თაობაზე ადრეა საუბარი. გასათვალისწინებელია ეს ყველაფერი საქართველოსათთვის? რა თქმა უნდა! იყო ამის თაობაზე საუბარი ბატონ პომპეოსთან? იმედია, რომ იყო. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ ოფიციალური შეხვედრების დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოსათვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხები და პერსპექტივები, მ.შ. „პოსტ-ყარაბაღული“ რეალიები.
მოხდა ეს თუ არა, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რასაც დაგვპირდა პრეზიდენტ ტრამპის სახელმწიფო მდივანი, ეს ყველაფერი შესაძლოა „არ მოეწონოს“ პრეზიდენტ ბაიდენის სახელმწიფო მდივანს, თუმცა რამდენადაც მე მახსოვს, ენტონი ბლინკენმა ზედმიწევნით კარგად იცის სამხრეთ კავკასიის პრობლემები და მათთან დაკავშირებული რისკები. ეს მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებებია და ამიტომ, შევთანხმდეთ, რომ აშშ-ის სახემწიფო მდივნის ვიზიტი საქრთველოში მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ.
_რამდენიმე ხსნის წინ, გენერალმა ჰოჯესმა საქართველოში იფრასტრუქტურისა და როტაციული ჯარების განთავსებაზე განაცხადა. ამას მოჰყვა ქართველი ექსპერტების მიმართვა პომპეოსადმი, რომელშიც ითხოვდნენ ამერიკული ბაზების განლაგებას საქართველოში. ხელმომწერთა შორის თქვენც იყავით. თუ შეიძლება გვითხრათ, რა პერსპექტივა აქვს ამ ინიციატივას და რა მნიშვნელობა ექნება ჩვენი რეგიონისთვის მის განხორციელებას?
გენერალი ბენ ჰოჯესი საქართველოს სტრატეგიული ინტერესების რეალიზების მხურვალე მხარდამჭერია, მ.შ. ნატოსთან დაახლოების და შემდგომ - თუ სავარაუდოდ -კი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების.
მე გენერალ ჰოჯესს დიდი ხანია ვიცნობ, ერთად მიგვიღია მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში - კონფერენცისა და ცალკეულ საერთაშორისო დისკუსიებში და ყველა ღონისძიებაზე გენერალი ჰოჯესი გვთავაზობს ახალ მიდგომებს და უსაფრთხოების ახალ მექანიზმებს, რომელთა რეალიზება გააძლიერებდა საქართველოში სტაბილურობას, მის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის დაახლოებას დასავლეთთან და კონკრეტულად ნატოსთან. მაგრამ ამავე დროს, გენერალი ჰოჯესი გვაძლევს რჩევებს, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ის შიდა პრობლემები - იქნება ეს ინსტიტუციური თუ პოლიტიკური, რომლებიც აფერხებენ საქართველოს ე.წ. დასავლური ვექტორის გაძლიერებას.
ჩვენ ამ თემებზე გენერალ ჰოჯესთან და სხვა მრავალ პოლიტიკოსთან და ექსპერტთან გვქონია საუბრები და დისკუსიები და თუ თქვენ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ეს შემდეგში მდგომარეობს: ერთია ამ „დასავლური ვექტორის“ დეკლარირება ხელისუფლების თუ ოპოზიციური ძალების მიერ და ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში ან დასავლეთის დედაქალაქებში ერთმანეთთან გაუთავებელი (უნდა გითხრათ უკვე მომაბეზრებელი კიდევაც!)
შეხლა-შემოხლა იმის თაობაზე, თუ ვინ უფრო „პრო-დასავლელი“ ან „პრო-ნატოელია" და მეორეა - და ეს გახლავთ სწორედ მთავარი - პოლიტიკოსების და საექსპერტო საზოგადოების გაერთიანება ამ არსებული შიდა პრობლემების აღმოსაფხვრელად, იმ პრობლემების, რომლებიც ჯერ კიდევ გადაულახავი დაბრკოლებაა დასავლეთისაკენ მიმავალ გზაზე - ინსტიტუციური მდგრადობა, დემოკრატიული პროცესებსის და კანონიერების შეუქცევადობა.
და კიდევ ერთი და, ჩემი აზრით, მთავარი: დღევანდელ მსოფლიოში თუ შენ გინდა იყო გლობალური პროცესების თანამონაწილე, უნდა შეძლო გარდა დემოკრატიული და კანონიერების ბაზაზე მდგარი სახელმწიფოსი, აგრეთვე გახდე „სასარგებლო" ქვეყანა პარტნიორებისათვის და არა მუდმივი „თავის ტკვილი“ და პრობლემა.
გასაგებია, რომ მე ვსაუბრობ საქართველოზე, რომელმაც დემოკრატიული განვითარების გზა აირჩია, თორემ განვითარების სხვადასხვა მოდელიც არსებობს და მ.შ. ჩვენ სამეზობლოში. ამიტომაც, რასაც გვათავაზობს გენერალი ჰოჯესი - საქართველოს ტერიტორიაზე „ნატოს იფრასტრუქტურისა და როტაციული ჯარების განთავსება“ - ეს უაღრესად საინტერესო მოსაზრებაა, თუმცა ეს ყველაფერი მოსაზრებად დარჩება, თუ ჩვენი პარტნიორები არ დარწმუნდებიან, რომ საქართველო ფუნქციონირებადი, ინსტიტუციური დემოკრატიაა, რომ საქართველოში ტარდება დემოკრატიული არჩევნები და ეს არჩევნები არ გახლავთ მხოლოდ ბრძოლა ძალაუფლებისათვის, რომელშიც „გამარჯვებული იღებს ყველაფერს (the winner takes all)"... დროა სიმართლეს თვალებში შევხედოთ და ვაღიაროთ, რომ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკა, მ.შ. არჩევნები, არ გახლავთ არც კონკრეტული პოლიტიკოსების და არც კონკრეტული პარტიების მრავალჯერადი გამოყენების საგანი.
მე ხშირად ვიმეორებ, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკა უნდა გახდეს განმსაზღვრელი ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის და არა პირიქით. წარმოუდგენელია საქართველოს საგარეო პოლიტიკა იყოს „უმაღლეს ნიშნულზე“ (როგორც ამას ხშირად გვიმეორებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები), თუ ქვეყნის შიგნით იქნება გაუსაძლისი სიდუხჭირე, ეკონომიკური ვარდნა (თუნდაც პანდემიური ეფექტების გათვალისწინებით). ეს თუ არ გამოსწორდა და ამ პრობლემების აღმოფხვრა არ გახდება მთლიანად ჩვენი პოლიტიკური კლასის ამოცანა (ანუ არამხოლოდ ხელისუფლების და ოპოზიციის), გენერალ ბენ ჰოჯესის სტრატეგიული მოწოდებები მხოლოდ მოწოდებებად დარჩება.
_თუ სწორად მოახერხა თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტერესების თანხვედრა, ეს ახალი ვითარება აძლევს თუ არა შესაძლებლობას საქართველოს, უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადადგას ნატოში ინტეგრაციისკენ?
შევთანხმდეთ, რომ საქრთველოს ევროპული თუ ევროატლანტიკური ინტეგრაცია გრძელვადიანი პროცესია და მის რეალიზება დაკავშირებულია დემოკრატიულ რეფორმებთან და გარდაქმნებთან. ჩვენ შესაძლოა მოვახდინოთ ქვეყნის შთამბეჭდავი მოდერნიზება, მაგრამ თუ ეს არ განხორციელდა პარალელურ რეჟიმში დემოკრატიულ აღმშენებლობასთან ერთად (მ.შ. არჩევნების), ეს გაართულებს ჩვენ სვლას დასავლეთისაკენ.
ამიტომ არანაკლებად მნიშვნელოვანია თავად ნატოსა და ევროკავშირში ანგაჟირების ყოველდღიური პროცესი, იმ სტანდარტების, კრიტერიუმების, რეგულაციების რეალიზება, რომლებიც არამხოლოდ აახლოებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან, არამედ თავად საქართველოსაც ხდის უფრო მიმზიდველს და, როგორც ეს მე ზემოთ მოგახსენეთ, უფრო „სასარგებლო“ (a valuable country) ქვეყნად პარტნიორებისათვის, რომლებიც, თავის მხრივ, გააკეთებენ ყველაფერს, რომ საქართველომ არ შეცვალოს თავის საგარეოპოლიტიკური ვექტორი.
მე ზემოთ ვთქვი, რომ საქართველოს ნატოშო (ან ევროკავშირში) გაწევრიანება გრძელვადიანი პერსპექტივაა. შესაძლოა, თუმცა პოლიტიკაში ზოგჯერ ხდება სასწაულები და სხვადასხვა მიზეზის და ინტერესების თანხვედრათა გამო ხდება პროცესების დაჩქარება ანუ იხსნება ე.წ. „შესაძლებლობათა ფანჯარა“ (window of opportunity) და ჩვენ მოვლენების ამგვარი განვითარებისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. მე მხედველობაში მაქვს ჩვენი შიდა რეფორმები და გარდაქმნები, რათა ჩვენ დასავლელ პარტნიორებს არ მივცეთ საბაბი წამოგვაძახონ, „აი, საქართველოს ჰქონდა ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა და ეს შანსი მან ხელიდან გაუშვა შიდა არეულობების გამო!"