თეა წულუკიანი: 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია

პარლამენტმა მინისტრის საათის ფორმატში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუსმინა. თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, რომელიც ძვირადღირებული ძვირფასი ფერწერული ტილოებია, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია. ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ კი, გამოძიება დაიწყება.

„ღიად ვაცხადებ, რომ იმ დიდმა გაერთიანებამ, ვითარცა „საბჭოთა კავშირმა“ არ გაამართლა, არ გაამართლა ეროვნული მუზეუმის მიერ ყველა სხვა მუზეუმის შესრუტვის პოლიტიკამ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. ჩვენ ამ მუზეუმებს უნდა მივანიჭოთ იმ ხარისხის ავტონომია, როგორც არის სპორტის მუზეუმი, როგორიც არის საქართველოში ყველაზე დიდი მუზეუმი - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და სხვა მუზეუმები. ფოტომასალაც მაქვს ურწმუნოებისთვის წამოღებული, თუ ასეთები ამ დარბაზში არსებობენ, გაჩვენებთ, როგორ იმართებოდა ბოლო 15 წლის განმავლობაში ერთიდაიგივე ხელმძღვანელების მიერ ეს გაერთიანება, რომელიც რეალურად არის ზოგ შემთხვევაში ლამაზი ფასადი.

ამას არც ევროპულ სტანდარტთან აქვს კავშირი და არც რაიმე სხვა ტიპის სამუზეუმო სტანდარტთან. ჩვენ დღე-დღეზე ველოდებით სახელმწიფო აუდიტის დასკვნას. ეროვნულ მუზეუმში რამდენიმე ხნის წინ დასრულდა შემოწმება და რა თქმა უნდა, ვიხელმძღვანელებთ რეკომენდაციებით, რათა გავაუმჯობესოთ და დავნერგოთ კარგი მმართველობა ეროვნულ მუზეუმში. ფონდები მოსაწესრიგებელია და მიმდინარეობს ინვენტარიზაცია. ჩვენ უკვე ვიცით, რომ 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, რომელიც ძვირადღირებული ძვირფასი ფერწერული ტილოებია, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია. შესაბამისად, აქ გამოძიება იქნება დასაწყები, როგორც კი ინვენტარიზაციის პროცესი დასრულდება. ჩეხეთის საელჩო იყო პირველი მერცხალი, რომელმაც ეს ექსპონატები დააბრუნა, რისთვისაც მადლობას ვუხდით. დანარჩენ საელჩოებს მეც და ჩემი კოლეგა, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვმუშაობთ, რომ ეს ექსპონატები ეროვნულ გალერეაში და ხელოვნების მუზეუმში დაბრუნდეს. იქნება სხვა დანაკლისებიც, ამის შესახებ ინფორმაციები არსებობს. ინვენტარიზაციის საბოლოო შედეგები მომავალი წლის გაზაფხულზე დაიდება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა მუზეუმებთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი აღდგება.

„ამჟამად მიმდინარეობს კონსტრუქციული პროექტის შემუშავება კონსტრუქტორების მიერ, რათა დავინახოთ რა ფორმით არის ამ კოლაფსის პირობებში მყოფი შენობის გადარჩენა შესაძლებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა წულუკიანმა.

თავის გამოსვლაში წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში სამინისტროს მიერ აღიარებული 93 სპორტული ფედერაციიდან, რომლებსაც სამართლებრივად სხვადასხვა ფორმა აქვთ, 65 სპორტული ფედერაცია, კავშირი და ასოციაცია, ჯამურად, ბიუჯეტიდან 98 მილიონ 600 ათასი ლარით ფინანსდება. აქედან, ყველაზე მეტი დაფინანსება აქვთ რაგბს და კალათბურთს.

„ფედერაციები არიან არათანაბარ მდგომარეობაში, არათანაბარ მდგომარეობაში ვგულისხმობ უთანასწორობას დაფინანსების მხრივ, ყურადღების ხარისხის მხრივ სამინისტროდან და ასევე, სრულ უთანასწორობას, თუ გნებავთ თვალშისაცემ უთანასწორობას ინფრასტრუქტურის მხრივ, ასევე აღჭურვილობის მხრივ. არავინ უარყოფს და პირველ რიგში, მე, რომ რაგბი და კალათბურთი არის, რა თქმა უნდა, ის სპორტის სახეობები, რომლითაც ვამაყობთ, რაგბი ჩვენი თამაშია და ასევე, კალათბურთიც ჩვენი თამაშია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა სახეობებსაც სამინისტრომ მიაქციოს უფრო მეტი ყურადღება.

ჩემი დანიშვნის შემდეგ, ჩვენ ვაქციეთ ერთ-ერთ პრიორიტეტად, რომ სპორტის სახეობები იმისდა მიხედვით, რა პოტენციალი აქვთ, იყვნენ თანასწორ მდგომარეობაში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, სპორტის უნივერსიტეტი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ის უნდა აღდგეს. მინისტრის განცხადებით, ახლიდან მოხდება ახალგაზრდობის სააგენტოს როლის განსაზღვრა და ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება. თავის გამოსვლაში, მინისტრმა ისაუბრა ლიტერატურულ პრემიებზე, მათ შორის პრემია „ლიტერაზე”.

„ჩვენ გვქონდა ლიტერატურული პრემია სახელად „ლიტერა”. ღიად გეუბნებით, რომ ამ პრემიას, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს. ჩვენ დავაფუძნებთ ახალ ლიტერატურულ პრემიას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, როდესაც „ლიტერა” დაფუძნდა, სახელმწიფო დონეზე არ იყო გამოცემული არც ერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემიაა.

თეა წულუკიანმა მწერლებსა და პოეტებს სამინისტროსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. „მე არ ვერევი, ეს არ არის ჩემი ფუნქცია და არც არასდროს ჩავერევი მწერლებს შორის დისკუსიაში, მაგრამ ყველა მწერალს და პოეტს მინდა მოვუწოდო, რომ ითანამშრომლონ სამინისტროსთან. სამინისტრო თქვენი პარტნიორია, სამინისტრო არის ინსტრუმენტი, რომ თქვენ გქონდეთ უფრო მეტი ხელშეწყობა“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მომავალ წელს მინიმუმ ხუთი სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსი ჩატარდება. თეა წულუკიანმა თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 20-ზე მეტ სამხატვრო ხელმძღვანელს ვადა პირველ იანვარს ეწურება.

„ეს ვადა გადიოდა შემოდგომაზე, მაგრამ გახანგრძლივდა რამდენიმე თვით. ჩვენ უკვე მომავალი კვირიდან გამოვაცხადებთ კონკურსებს და დაიწყება სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის პროცესი. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია, რომ არ გამოაცხადოს კონკურსი და თავად დანიშნოს შეხედულებისამებრ სამხატვრო ხელმძღვანელი. მე ვაპირებ, რომ რამდენიმე თეატრის შემთხვევაში ეს დისკრეციული უფლებამოსილება გამოვიყენო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის განაცხადებით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2021 წლის მარტში, საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობის ინიციატივით მიღებული კანონის საფუძველზე ჩამოყალიბდა და შესაბამისად, ანგარიში 2021 წლის 19 მარტიდან 2021 წლის 3 დეკემბრამდე პერიოდს მოიცვას.