ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე

წერილი გინდა თუ სიხარული?

„მეგობარი ჭირში იცნობაო“ - ქართული ანდაზა გვეუბნება. არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც - ნამდვილი მეგობარი ის არის, ვისაც სიხარულს გაუზიარებ - ჭირში ყველას შეეცოდები ან თავს ვალდებულად ჩათვლის თანაგრძნობა გაგიწიოსო... თქვენ რომელს იზიარებთ, ვინ მიგაჩნიათ ნამდვილ მეგობრად, ვისაც პრობლემას გაუმხელთ თუ ვისაც სიხარულს გაუზიარებთ? რა მიგაჩნიათ უფრო პირადულად, დარდი თუ სიხარული? ჩემთვის ორივე პირადულია, თუმცა სიხარული უფრო მეტად.

რა გაგიხარდათ ბოლოს და ვის მოუყევით? ოჯახის წევრების კარგად ყოფნა თუ ოჯახის წევრებთან ყოფნა ყველას რომ გვიხარია, მაგ სიხარულს არ ვგულისხმობ. არც იმ სიხარულს, პაემანზე გულის სწორი პირველად რომ დაპატიჟეთ - ამ სიხარულებს თავისი დრო და ადგილი აქვს ჩვენს ცხოვრებაში და მუდმივი მოტივატორი ვერ იქნება... არც იმ სიხარულს, დიდ განსაცდელს რომ გადაურჩით - ეს თვითგადარჩენის ინსტინქტია... არც იმ სიხარულს, შვილების გამოსაკვები თანხა რომ იშოვეთ - ეს პირველადი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა და არა სიხარული... არც იმ სიხარულს, ინსტაგრამზე დაფილტრულ ფოტოზე ბევრი სასურველი რეაქცია რომ აღმოაჩინეთ... არც იმ სიხარულს, ფასდაკლებების დღეს ჯვაროსანივით რომ დალაშქრეთ სავაჭრო მოლი... არც იმ სიხარულს, ალკოჰოლურმა თუ ნარკოტიკულმა თრობამ რომ მოგანიჭათ... არც იმ სიხარულს, სხვისი მარცხი რომ გაგიხარდათ... არც იმ სიხარულს, მლიქვნელებმა რომ მოგილაქუცეს ანდა პირიქით, თავად იმლიქვნელეთ და ვიღაცამ დაგიფასათ... არც იმ სიხარულს, თვალში წამწამი რომ ჩაგივარდათ და ვიღაცამ მოგაძახათ, წერილი თუ სიხარულიო...

და მაინც, რა არის სიხარული? რა უნდა უხაროდეს მოკვდავ ადამიანს ამ წარმავალ წუთისოფელში? ხშირად ვაკვირდები ადამიანებს საჯარო თუ სოციალურ სივრცეში და მათ თვალებსა თუ მათ სიტყვებში იშვიათად დამინახავს ნამდვილი, გულწრფელი სიხარული...

ყველანი ვამბობთ და ხშირად ვამბობთ, რომ ქართული საზოგადოება ნეგატივით იკვებება და სიძულვილის ენა კომუნიკაციის მთავარ ფორმად იქცა. ნეგატივის კარგი ნიმუშია მედია გვერდების კომენტარები და სოციალური ქსელები. თუმცა, მხოლოდ ინტერნეტ სივრცეს ნუ დავაბრალებთ, ყოველდღიურ ყოფით ურთიერთობებშიც იგივეს ვხედავთ - ადრენალინი მხოლოდ ჩხუბს, კამათს და შეურაცხყოფას მოაქვს... ალბათ მხოლოდ ვინმესთან დაპირისპირების პროცესში გვიმაღლდება თვითშეფასებაო, ალბათ ყველანი სტრესულ თუ პოსტ-სტრესულ მდგომარეობაში ვგრძნობთ თავსო - ფსიქოლოგები გვიხსნიან... გაჭირვების ბრალიაო - ექსპერტები გამართლებას უძებნიან... მტრებმა ერთმანეთს გადაგვკიდესო - პოლიტიკოსები განმარტავენ... რა დაბალი თვითშეფასებაო, „რაც მაგრები ვართ ქართველები ვართო“ და „განსაკუთრებული გენეტიკა გვაქვსო“ - ნაცისტები თუ ნარცისები ხომ კრიტიკას ვერ იტანენ... „ადამიანი ტანჯვისთვის იბადებაო“ - ზოგიერთები მაზოხისტობენ... იქნებ, უბრალოდ არავინ გვასწავლა, რა არის სიხარული და რაში ვეძიოთ სიხარული... იქნებ სხვისი სიხარულის გაზიარებაც არავინ გვასწავლა...

„ბავშვივით სუფთაო“ - ასეთი გამოთქმა გვაქვს... ბავშვებს ნამდვილად აქვთ იმ პირველქმნილი სიხარულის უნარი, რასაც ასე აჩანაგებს შემდგომში გარემო და საზოგადოება - მათ უხარიათ ახლის აღმოჩენა და ყოველ დღე ცდილობენ რაღაც შეიმეცნონ... მათ ახარებთ ჩახუტება და გაღიმება... მათ ახარებთ თამაში ანუ ცხოვრება... მათ ახარებთ მწვანე ბალახი გაზაფხულზე და განათებული კოკა-კოლას მანქანა ზამთრის სუსხიან საღამოს... მათ უხარიათ სხვისი სიხარული და ახარებთ საკუთარი სიხარულის გამოხატვა... მათ არავინ აიძულებთ არჩევანი გააკეთონ წერილსა და სიხარულს, წესრიგსა და სიხარულს, სხვების სიხარულსა და საკუთარ სიხარულს შორის...

***

ინდივიდუალისტური საზოგადოებები ინდივიდის ემოციას ანიჭებენ უპირატესობას და არა ჯგუფის ემოციას. ინდივიდუალიზმი სალანძღავ სიტყვად და გარყვნილებად მოიაზრება კოლექტივისტურ საზოგადოებებში. და მაინც, რომელი ვართ ბოლოს და ბოლოს? ალბათ კოლექტივისტური - ყველაფერი პირადი უნდა დათმო საზოგადოებრივი სიკეთეებისთვისო, გარშემომყოფებს პატივი უნდა სცე, მაშინაც კი თუ სინამდვილეში სხვანაირად ფიქრობო... მაგრამ არ ვართ კოლექტივისტური საზოგადოება - სინამდვილეში სულ არ გვადარდებს საზოგადოებრივი სიკეთეები და მისთვის იშვიათად ვწირავთ პირად კეთილდღეობას, არ გვაქვს დისციპლინა და მორჩილების უნარი... ალბათ ინდივიდუალისტური - ამბიციურები ვართ, ჯანყის მსურველი და წესების დამრღვევი... არ ვართ ინდივიდუალისტური საზოგადოება - ინდივიდს პატივს არ ვცემთ, სხვისი სიკეთე გვშურს, თავისუფლებას წესების დარღვევასთან ვაიგივებთ და მზად ვართ ადამიანი მოვკლათ განსხვავებული ჩაცმულობისთვის...

ძალიანაც ნუ დავიღლით თავს ამბივალენტობის ფილოსოფიით - პასუხი ყოველდღიურობაშია, თეორიებსაც ხომ რეალობაზე დაკვირვებით ქმნიან ვიღაც მავანნი...

რამდენმა ახალგაზრდამ თქვა უარი საკუთარ პირად ბედნიერებასა თუ პირად განვითარებაზე ოჯახური სიკეთეების სახელით - ალბათ ბევრმა... რამდენმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა იმ პროფესიის დაუფლება, რომელთან ზიარებაც სიხარულის წყაროდ ექცა - ალბათ ცოტამ... რამდენი ადამიანი მიენდო იღბალს და არა საკუთარ თავს და მათგან რამდენს გაუმართლა? - ბევრი მიენდო და ცოტას გაუმართლა... რამდენმა გაიხარა სხვისი ბედნიერებით - თითქმის არავინ... რამდენმა სცადა საკუთარი არჩევანი (თუ არჩევანის არარსებობა) სხვისთვისაც თავს მოეხვია წესად და კანონად - თითქმის ყველამ... და ამგვარ ცხოვრებას რამდენი შეხვდა სრული მორჩილებით და თვითგვემით - საბედნიეროდ, ძალიან ცოტა... რამდენი გაბოროტდა და ჩუმი თუ ცხადი აგრესია ცხოვრების ერთადერთ „სიხარულად “ ექცა? - სამწუხაროდ, უმეტესობა...

***

ჩემთვის სიხარული ყველაზე პირადული გრძნობაა...

იმ სიხარულზე მომიყევით, თავად რომ მოიპოვეთ საკუთარი თავის შემეცნების რომელიღაც შორეულ კუნჭულში... იმ სიხარულზე, ნეგატივი რომ დაგავიწყათ... იმ სიხარულზე, სხვების ტკივილზე რომ არ დააშენეთ...

ინდივიდუალისტები ვართ უმეტესობა, სადღაც გულის შორეულ კუნჭულში და ეს აღმოჩენა გვაშინებს, ალბათ იმიტომ, რომ ასე გაგვზარდეს - საკუთარი სურვილების დათრგუნვა და სხვისი სურვილების გაკონტროლება გვასწავლეს საკუთარი სიხარულის მოპოვებისა და სხვისი სიხარულის გაზიარების ნაცვლად... ნუ დაიჯერებთ, რომ გარშემომყოფებს სიკეთეს მოუტანთ, თუ თავად დაკარგეთ გულწრფელი სიხარულის უნარი...