კახა კალაძე ISFED-ის პარალელურ დათვლას ეხმიანება

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ISFED-ის ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ დაზუსტებული ანგარიში არის კიდევ ერთი მიზეზი ყველა ჯანსაღი ოპოზიციური პარტიისთვის, გამოვიდნენ ჩიხიდან და შეუდგნენ ამომრჩევლისგან დაკისრებული ვალდებულების შესრულებას.

როგორც კალაძე აცხადებს, მოლაპარაკებებიც უნდა გაგრძელდეს, საარჩევნო რეფორმაზე ერთობლივი მუშაობაც და ყველაფერი ის, რისი მოლოდინიც ამომრჩეველს აქვს.

„დღეს მნიშვნელოვანი დღე იყო. დღე, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაჩნდა შანსი, საქართველო შედგეს ღია, მრავალფეროვანი საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყნად.

საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებზე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია – პარლამენტი იყოს მრავალპარტიული. ეს ოპოზიციის შანსია, რომ აქტიური როლი შეასრულოს ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი ხვალინდელი დღის უზრუნველყოფაში.

დღეს საღამოს ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა თავისი შესწორებული ანგარიში, რითაც დადგინდა, რომ ცესკოს შედეგები სინამდვილეში თანხვედრაშია ISFED-ის პარალელური ხმის დათვლის მონაცემებთან. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი ყველა ჯანსაღი ოპოზიციური პარტიისთვის, გამოვიდნენ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შექმნილი ჩიხიდან და შეუდგნენ ამომრჩევლისგან დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. ჩვენ გვინდა პოლიტიკა ვაკეთოთ ისეთ პარტიებთან, რომლებიც არ არიან პოლიტიკური მძევლები და გააჩნიათ თავისი ჩამოყალიბებული პოზიცია.

მოგიწოდებთ, ადეკვატურად შევაფასოთ მოცემული რეალობა - ჩვენ ყველამ, მიღებული მანდატების რაოდენობის მიუხედავად, გავიმარჯვეთ, გვაქვს მრავალფეროვანი პარლამენტი!

მოლაპარაკებებიც უნდა გაგრძელდეს, საარჩევნო რეფორმაზე ერთობლივი მუშაობაც და ყველაფერი ის, რისი მოლოდინიც ჩვენგან ამომრჩეველს აქვს“, - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.