ჟენევის დისკუსიებზე, მხარეებმა, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე არსებითი მუშაობის განახლების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამ შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის იმ ფონზე, აშშ-სა და ნატოს სამხედრო აქტივობა რეგიონში იზრდება.
“პრაქტიკული თვალსაზრისით, რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და მის მეზობლებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე არსებითი მუშაობის განახლების მნიშვნელობას. ამ დოკუმენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. მისი აქტუალობა განსაკუთრებით იზრდება აშშ-სა და ნატოს სამხედრო აქტივობის ზრდის გათვალისწინებით საქართველოსა და რეგიონში. სამწუხაროდ, საქართველოს დელეგაციამ კვლავ ვერ გამოავლინა კონსტრუქციული მიდგომა ამ საკითხის განხილვაში", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დისკუსიების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება, ზოგადად, მშვიდია.
„რუსეთმა მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება, მოძებნონ საერთო ენა დიალოგის გზით არსებულ მოლაპარაკებათა ფორმატში, მათ შორის ერგნეთსა და გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების“ ფარგლებში,”- აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართა.