კანადის მოქალაქე, რომელიც დონალდ ტრამპისთვის მომწამვლელი ნივთიერების, რიცინის შემცველი კონვერტის გაგზავნაშია ეჭვმიტანილი, კანადიდან აშშ-ში შესვლის მცდელობის დროს საზღვარზე დააკავეს. ქალს თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. მას ბრალს აშშ-ს პროკურორის ოფისი ვაშინგტონში წარუდგენს.
ოფიციალური ინფორმაციით გასულ წელს ის აშშ-დან კანადაში დაადეპორტეს. ეჭვმიტანილი 2019 წელს ტეხასში არარეგისტრირებული იარაღის ფლობისთვის, დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევისთვის და ყალბი მართვის მოწმობის გამო დააკავეს. დაკავების შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაკავებული აშშ-ში ვადაგასული ვიზით იმყოფებოდა.
CNN-ის წყაროს ინფორმაციით, წერილი თეთრს სახლში კანადიდან, კვებეკის პროვინციიდან გაგზავნეს.
მომწამვლელი ნივთიერების შემცველი კონვერტები თეთრი სახლის გარდა ტეხასში შერიფის ოფისს და დაკავების იზოლატორსაც გაუგზავნეს. ფედერალური გამოძიების ბიუროს განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება.
დონალდ ტრამპისთვის გაგზავნის კონვერტში რიცინის კვალი თეთრი სახლისთვის განკუთვნილი გზავნილების რუტინული შემოწმების დროს აღმოაჩინეს. ნივთიერება რიცინს ბუნებრივად შეიცავს აბუსალათინის მარცვლები.
გადაყლაპვის, ჩასუნთქვის ან სხეულში ინექციურად შეყვანის შემთხვევაში, ნივთიერება რიცინი მომაკვდინებელია. მან შეიძლება გულისრევის შეგრძნება, ღებინება, შინაგანი სისხლდენა და საბოლოოდ ორგანოების მუშაობის შეჩერება გამოიწვიოს. რიცინის ანტიდოტი ცნობილი არ არის და მასთან კონტაქტის შემდეგ სიკვდილი შესაძლოა 36-72 საათში დადგეს.
თეთრ სახლში და სხვა ფედერალურ შენობებში რიცინის შემცველი გზავნილები წარსულშიც გაუგზავნიათ. 2014 წელს მისისიპის მაცხოვრებელს 25 წლიანი პატიმრობა მიესაჯა რიცინის ფხვნილით დაფარული წერილების ბარაკ ობამასთვის გაგზავნისთვის.
2018 წელს კი აშშ-ს ფლოტის ვეტერანი დაიჭირეს პენტაგონში და თეთრ სახლში ტოქსიკური წერილების გაგზავნისთვის.