„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „სამართლიანი არჩვენების“ მონაცემებში, PVT-ის ცდომილება რადიკალურმა ოპოზიციამ, ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებსა და არასამთავრობო სექტორზე თავდასხმის მორიგ მიზეზად გამოიყენა, რაც სათანადო რეაგირებას საჭიროებს.
როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ აღნიშნა, აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ქვეყნის ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებზე გახშირებული თავდასხმების, მათი შეურაცხყოფის, უხეში ანტიამერიკული და ანტიევროპული პროპაგანდის ფონზე, რასაც ისინი გასული დღეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად აწარმოებენ.
„ანტიდასავლური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული პოლიტიკური ძალები ვერ მიაღწევენ საკუთარ მიზნებს, რასაც PVT-ზე აგებული მათი სპეკულაციების სიმცდარის მხილებაც ცხადყოფს. ჩვენ არავის მივცემთ კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების ხელოვნურად ეჭვქვეშ დაყენების შესაძლებლობას. პირველ რიგში, სწორედ სიყალბეს უთხრა უარი ქართველმა ამომრჩეველმა 31 ოქტომბერს. მადლობა გვინდა გადავუხადოთ უცხოელ პარტნიორებს იმისათვის, რომ გულისყურით მოეკიდნენ ჩვენს შეშფოთებას PVT-ის ცდომილებასთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ მათი ინფორმირების შემდეგ, გადამოწმების მიზნით, ჩატარდა აუდიტი, რომლის შედეგებიც გუშინ გამოქვეყნდა“-აღნიშნავს კობახიძე
მისი თქმით, ცესკოს შედეგებისა და PVT-ის მონაცემების თანხვედრა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა
.
„დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია 9 წლის მანძილზე და უფრო ადრეც, აყალბებდა არჩევნებს. ამ ადამიანებთან თავდაცვით პოზიციაში ყოფნა და არჩევნების არგაყალბების შესახებ თავის მართლება, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ასეთივე სიყალბეა მათი პროპაგანდა ე.წ. კარუსელებთან, ამომრჩევლის მოსყიდვასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაზეც ისინი მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე საუბრობენ. სწორედ ამიტომ გაურბის რადიკალური ოპოზიცია დღემდე ჩვენს ყველა შეთავაზებას არჩევნების შედეგების გადამოწმებასთან და ამ თემაზე დებატებთან დაკავშირებით“ - აცხადებს სახელისუფლებო პარტიის აღმასრულებელი მდივანი.
„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგების დაზუსტებული მონაცემებით , რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს, რაც თითქმის ემთხვევა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს.