სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.
სომხური მედიის ცნობით, საუბარი შეეხო დიალოგის უწყვეტობასა და გაძლიერებას. მხარეებმა ეფექტიანი მოლაპარაკებების იმედი გამოთქვეს, რაც ხელს შეუწყობს სტაბილურობასა და საკითხების ყოვლისმომცველ მოგვარებას.
ფაშინიანმა დამიშელმა ასევე ისაუბრეს ბრიუსელში 15 დეკემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის მეექვსე სამიტის დღის წესრიგსა და განსახილველ საკითხებზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის განვითარებას და მის ფარგლებში პროგრამების ეფექტურ განხორციელებას, სომხეთში ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის განმტკიცების სასარგებლოდ.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს სომხეთში ბოლო სამი წლის განმავლობაში დაწყებული რეფორმების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით სომხეთის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ამასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მზადყოფნას, კიდევ უფრო გააღრმაოს და გააფართოოს პარტნიორობა სომხეთის მთავრობის პრიორიტეტების განსახორციელებლად.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და შარლ მიშელმა სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრეს.