კობახიძე: არასწორი იქნება საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიტროპოლიტ იობის კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ხელისუფლება სასულიერო პირებთან საჯარო პოლემიკაში შესვლას არ აპირებს და რომ მსგავსი საჯარო დაპირისპირება დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის.


კობახიძის განმარტებით, ლაშა ნაცვლიშვილს “ქართულ ოცნებასთან” დღეს არაფერი აკავშირებს. კობახიძის თქმით, ადრე ნაცვლიშვილს “ქართულ ოცნებაში სერიოზული როლი ჰქონდა, თუმცა დღეს პარტიასთან არავითარი კავშირი აღარ აქვს. რაც შეეხება თავად ნაცვლიშვილის განცხადებას, კობახიძემ აღნიშნა, რომ საკითხზე შსს-ში წარმოება უკვე დაწყებულია და გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყებები მიიღებენ.


„რაც შეეხება მეუფე იობის განცხადებას, მე ვიტყოდი, რომ სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა, როგორც ხელისუფლებისთვის ისე ეკლესიისათვის დამაზიანებელია. შესაბამისად, ჩვენ ამ პოლემიკაში ჩართვას არ ვაპირებთ და ყველას მოვუწოდებთ, ნუ იქნებიან ამ პოლემიკის ინიციატორები. ეს უნდა გაითვალისწინოს როგორც სასულიერო პირმა, ისე ხელისუფლების წარმომადგენელმა.“ 


„თუ რაიმე კითხვები არსებობს, ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით შეხვედრისა და საუბრისთვის, მზად ვართ, თუმცა, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის. საუბარს, შეხვედრასა და დისკუსიას ყველას ვთავაზობთ, ამისათვის აბსოლუტურად ღია ვართ. საჯარო პოლემიკა არის არასწორი და ამას ვეტყოდი ყველას, როგორც სასულიერო პირს ასევე ხელისუფლების წარმომადგენელს,” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. სასულიერო პირი ვრცელ ქადაგებაში ამბობს, რომ „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ“, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში. ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა. აღნიშნული პოზიციის გამო, მეუფე იობი ცალკეული პირების, მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან შეურაცხყოფის ობიექტი გახდა.