ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე
ძაღლის ბედი
„ბედი მომეც და სანეხვეზე დამაგდეო“ - ხალხური სიბრძნე გვეუბნება. არ ვიცი, ბედზე მინდობა ოპტიმიზმია თუ თავქარიანობა, მაგრამ ბედობის დღე მინიმუმ სამი გვაქვს ერთმანეთის მიყოლებით და გულის სიღრმეში ყველას გვჯერა ამ დღეებში „სიკეთეების დაბედების“. რატომ სამი? - პირველ ჯერზე თუ იმედები გაგიცრუვდებათ, მალევე მოგეცემათ ახალი და ახალი შანსი გამოასწოროთ საკუთარი ბედისწერა სასურველი სიკეთეების დაბედებით... რატომაც არა... ხომ ყველანი ვთანხმდებით, რომ ბავშვებს უნდა სჯეროდეთ თოვლის ბაბუის თუ სანტა კლაუსის ჯადოსნური ძალის... ალბათ, დიდებსაც გვჭირდება ცოტაოდენი ჯადოსნობა ცხოვრების გასალამაზებლად...
ძაღლის ბედი ჰქონიაო - არ ვიცი, რას ნიშნავს... სიკვდილშიც ბედი ჰქონიაო/არ ჰქონიაო - ვერც ეს გავიგე კარგად, რას ნიშნავს... ბედის-წერა/ბედის მწერალიო - ნეტა, ვინ არის ჩვენი ბედის მწერალი? ბედმა გაუღიმა/ბედმა უმუხთლაო... ვიღაც ქუდ-ბედ-იანი აღმოჩნდაო, ვიღაც უ-ბედ-ო/უ-ბედ-ურიო... საბედომ მიატოვაო - თუ მისი ბედი იყო, ნეტავ როგორღა მიატოვა? მისი ბედი ეგ ყოფილაო/არ ყოფილაო - ესეც პასუხი... თავო ჩემო, ბედი არ გიწერიაო; რა ვქნა, რომ ბედი არ მწყალობსო - ეს ფრაზები არ მომწონს, მაშინებს კიდეც... ბედის ვარსკვლავი/ბედ-ნიერ ვარსკვლავზე დაბადებულიო - აი, ეს არის ნამდვილი მაგია...
ალბათ, ბედმა გაგიღიმაო - როდესაც მეუბნებიან, გაორებული ემოცია მიპყრობს... ჯერ ეიფორია მიპყრობს, ვის არ უნდა, ბედის ნებიერად იგრძნოს თავი... შემდეგ რეალისტი ვხდები და მახსენდება, რომ ბედი მაშინ გვიღიმის, თუ დაუღალავად ვშრომობთ, თუ ბევრჯერ არ გაგვიღიმა ბატონმა თუ ქალბატონმა ბედმა და ბოლოს, როგორც იქნა ინება თავისი მოწყალება მას შემდეგ, რაც ბევრჯერ დავმარცხდით, დავიღალეთ, გავრისკეთ, მსხვერპლი გავიღეთ... იქნებ ბედი გამოცდაა ჩვენი გამძლეობის? იქნებ ბედი ხელის არ ჩაქნევაა და კარზე გამუდმებით კაკუნი? იქნებ ბედი მიზანდასახულობაა?
სხვადასხვა ქვეყანასა თუ კონტინენტზე ბედი აშკარად სხვადასხვა ღვთაებათა პანთეონში სახლობს - საქართველოში ჩვენს ბედს „ვორქაჰოლიზმი“ ჰქვია, მეორე სახელად - ბევრი შრომა საკუთარი პირადი ცხოვრების თუ ჯანმრთელობის ფასად... რას ვიზამთ, ღვთაებები ხომ მსხვერპლს ითხოვენ და სალი კლდეების სამშობლოში ქალბატონი თუ ბატონი ბედი ისეთივე მკაცრია როგორც თავად ეს ცამდე აჭიმული მწვერვალები... აქ ამ ბედის ვარსკვლავზე დავიბადეთ - ბევრი შრომა და ცოტაოდენი სარგებელი, ბევრი შრომა და ცოტაოდენი იმედი, ბევრი შრომა და მომავალზე დარდი - საკუთარ, სხვის და ყველას მომავალზე... ალბათ ბედმა გაგვიღიმა, ალბათ ესეთია ბედის ღიმილი... ვისაც ჯერ კიდევ არ გაუღიმა ამ ქალბატონმა თუ ბატონმა, მოთმინებით იცდის სადღაც დაჩრდილულ კუნჭულში და იმედით ელოდება ბედის წყალობას... მეც იმედით ველოდები, თქვენც როდის გაგიღიმებთ ფორტუნა...
***
სხვადასხვა კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს მტკიცედ სჯერა, რომ მათ ცხოვრებას ბედისწერა განსაზღვრავს, მეორე მეოთხედს ასევე მტკიცედ სჯერა, რომ საკუთარი ცხოვრების განსაზღვრა მხოლოდ თავად შეუძლია... მესამე და მეოთხე მეოთხედები, როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდნენ, რა აზრის არიან ფატალიზმის, დეტერმინიზმის, ინდივიდუალიზმის და სხვა მრავალი იზმის შესახებ... რა უცნაურია, პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებული კვლევებიც ძირითადად იგივე სურათს ქმნის - მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი მუდმივად ქმნის თანაბარ ორპოლუსიანობას, მეორე ნახევარი კი სულაც არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას რაიმეს, ვინმეს, ან თუნდაც საკუთარი თავის სასარგებლოდ - ალბათ, სხვა ბედის ვარსკვლავზე დაიბადნენ...
***
„ძაღლის ბედი ჰქონიაო“ - ამ ფრაზაზე ხან ჩვენი „საფირმო“ თბილისური „საყურიანი“ ქუჩის ძაღლები მახსენდება... ხან ის ძვირადღირებული ლეკვები, ადამიანზე მეტად რომ ფასობს და პატრონები სიამაყით დაატარებენ საპარიკმახეროებში გრუმინგისა თუ პედიკურ-მანიკურისთვის... ხან ის ძაღლები, პატრონები ცემით რომ ხდიან სულს იმ გამართლებით, რომ მათი ძაღლია... ხან ის ორი მაწანწალა ძაღლი, ვიღაც გადამთიელმა რომ შეიცოდა, დაბანა, დავარცხნა და ოკეანეებს მიღმა გაამგზავრა ბედნიერი ძაღლური ცხოვრებისთვის... ხან ის კომენტარები სოციალურ ქსელებში, ადამიანები თვითცინიზმით რომ წერდნენ, ჩვენც ვიყეფებთ კარგი პატრონი თუ გამოგვიჩნდებაო... ძაღლის ბედიც მხოლოდ ორ „ქართველ“ ძაღლს ჰქონია...
ბედის-წერა/ბედის მწერალიო - ნეტა, ვინ არის ჩვენი ბედის მწერალი? იმედია, წერა კარგად ეხერხება და მწერლობას არ იბრალებს?