დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეეცდებიან ჩიხიდან გამოიყვანონ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მიღების საკითხი. სამი კვირის წინ ევროკავშირმა პირობა დადო, რომ სანქციებს დაუწესებს ბელარუსის ოფიციალურ პირებს, რომლებსაც ბრიუსელი ბრალს სდებს მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას სასარგებლოდ.
მოელიან, რომ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია ასევე იქნება ბრიუსელში და ის არაოფიციალურ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერთან, ჟოზეპ ბორელთან და ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების სია მოამზადა, მაგრამ კვიპროსი წინ აღუდგება მის მიღებას და მოითხოვს, რომ ევროკავშირმა მსგავსი ზომები თურქეთის მიმართაც მიიღოს, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ანკარის მიერ გაზის საბადოების ძიებასთან დაკავშირებით.
ევროკავშირს სანქციების დაწესება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მისი 27-ვე წევრი ქვეყანა დაუჭერს ამას მხარს. ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყნის მიერ შექმნილი ეს ჩიხური სიტუაცია მუქარას უქმნის ევროკავშირის ავტორიტეტს და ამწვავებს მოწოდებებს, ადამიანის უფლებების დაცვისა და სანქციების დაწესების საკითხებში გამოყენებულ იქნეს კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპი.