ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე

Homo Ridens

იყო და არა იყო რა, იყო ერთი გაუცინარი ხელმწიფე, რომელმაც თავის ქვეშევრდომებს სიცილი აუკრძალა... ალბათ უფლისწულობის დროს იმ ზღაპარს უკითხავდნენ, მეფეო, ხალხი იცინისო, ამ სიტყვებით რომ მთავრდება...

იმ გაუცინარი ხელმწიფის ქართველ ფანებს სიამოვნებით ვასტუმრებდი მის მეფურ უდიდებულესობას ორიოდ წლით და გულიანადაც ვიცინებდი მათ „ახდენილ ოცნებებზე“ - ჩვენთვის ხომ სიცილი ჯერ არავის აუკრძალავს...

გაბრაზებული, იმედგაცრუებული, დაეჭვებული, სასოწარკვეთილი - ნებისმიერი ემოციური მდგომარეობის ადამიანების მართვა შესაძლებელია პურით და სანახაობით, თუ დაშინებით, თუ შანტაჟით, თუ მოსყიდვით, თუ ფსიქოლოგიური ტერორით... მოცინარს ვერაფერს უზამ... გაბრაზებულ, იმედგაცრუებულ, დაეჭვებულ, სასოწარკვეთილ ადამიანებს ნაბადივით ფეხქვეშ გათელავს წუთისოფელი, მოცინარს ვერაფერს უზამს...

Homo Ridens - მოცინარი ადამიანი, ყველაზე ადამიანური ეპითეტია, რადგან სიცილის უნარი მხოლოდ ადამიანს ახასიათებს სხვა მრავალ ჰომო თუ არა ჰომო სახეობებს შორის...

იწურება კიდევ ერთი წელიწადი. წლის ბოლოს, ალბათ ყველას გვჩვევია თვალის გადავლება განვლილი წლისთვის. მძიმე წელი გამოვიარეთ ყველამ ერთად - ზოგმა მეტად, ზოგმა ნაკლებად... იუმორს აღარ გვიკრძალავენ ძველი მთავრობები და ახალი მთავრობები კი ჯერ ვერ გვიკრძალავენ... გავაცილოთ ძველი წელი იუმორით, თვითიუმორით... დავცინოთ საკუთარ შიშებს, საკუთარ პრობლემებს, საკუთარ ამბიციებს თუ იმედგაცრუებას...

***

სოციალურმა თუ პოლიტიკურმა სატირამ ათწლეულების განმავლობაში დიდი როლი ითამაშა ქართული ხელოვნების თუ პოლიტიკური აზროვნების განვითარებაში - იუმორით ვებრძოდით თავს მოხვეულ სისტემებს თუ იდეოლოგიებს, ვიმხიარულებდით თავს, ვინარჩუნებდით ფსიქიკას, ვავარჯიშებდით გონებას - სატირა და იუმორი ხომ ინტელექტუალური სპორტია... ვიცინოდით მაშინ, როდესაც სიცილს გვიკრძალავდნენ, დავცინოდით იმათ, ვისი დაცინვაც დანაშაულად ითვლებოდა, გვერდს ვუვლიდით ცენზურას კრეატიული მეთოდებით, სამზარეულოში შეყუჟულები ყველაზე ახლო მეგობრებს ჩურჩულით ვუზიარებდით საყვარელ პოლიტიკურ ანეგდოტებს...

დღეს კი, რატომღაც, აღარაფერზე გვეცინება... დღეს ცენზურა თვითცენზურამ ჩაანაცვლა და სიცილი პირმოთნეობის ღიმილმა... დღეს ქართულ მედიაში, საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში, ერში თუ ბერში მლიქვნელობა იქცა ინტელექტუალურ სპორტად სატირის ნაცვლად. შეგიძლიათ მყუდროდ მოეწყოთ საკუთარ ფუმფულა სავარძელზე და სოციალური მედიით „ლაივში“ ადევნოთ თვალი მლიქვნელთა „სოც-შეჯიბრს“... ფსონებს ამ სპორტზე ჯერ არ იღებენ, მაგრამ მე მყავს „ჩემი“ გამარჯვებულები - მაგალითად, ქალბატონი, რომელმაც ერთ დღეში იმდენი ფეისბუქ პოსტი უძღვნა საკუთარი უფროსის მგზნებარე ქებას, რომ დღის ბოლოს მლიქვნელობაც აუკრძალეს...

ჰიუგოსეული მოცინარი სახის ტრაგიკული პერსონაჟი ხომ ყველას გახსოვთ, სახეზე ამოშანთული შემაძრწუნებელი ღიმილით... ამ პერსონაჟმა სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი ადამიანების წარმოსახვაში - ყველამ თავისებურად გაიგო და ყველა სხვადასხვა რამეზე დააფიქრა, ზოგმა ფილმის გმირად აქცია, ზოგმა კომიქსად, ზოგმა ჯოკერად... ესეთია გენიალური პერსონაჟების ბედი... პირადად მე, ძველი ილუსტრაციებიდან მეხსიერებაში ჩარჩენილი „მოცინარი“ სახე მლიქვნელი ადამიანების დანახვაზე მახსენდება და სულ მინდა გავანთავისუფლო ისინი ამ ტრაგიკული დამღისგან... მოიშორეთ ეგ ნიღაბი და გულწრფელად დასცინეთ უპირველეს ყოვლისა საკუთარ უმწეობას... სიცილით გააცილეთ ყველა სისულელე და სიცილით რაღაც კარგი და ახალი მოვა...

***

ამ წლის ბოლო ბაბლში მე მეღიმება საკუთარ ამბიციაზე, რომ წლის ბაბლი-ბუბლებით რაღაც სასარგებლოს გაკეთების იმედი მქონდა...

მე მეღიმება სატირული ჟანრის გაცოცხლების მცდელობაზე სატირის გენიოსების ქვეყანაში...

მეცინება კოვიდის სტუმრობაზე, რომელმაც თავისი მობრძანების შიშით მაცხოვრა მრავალი თვე და ეხლა მშვენივრად ვმხიარულობთ ერთად შიშების გარეშე...