ინდოეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი" ინდოეთში ჰინდურ ენაზე გამოიცა.
როგორც ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა ონლაინ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, "ვეფხისტყაოსნის" ჰინდურ ენაზე თარგმნის და გამოცემის იდეა დიდი ხანია აქვს და მისი განხორციელება ინდოეთში დიპლომატიური მისიით ჩასვლისთანავე დაიწყო.
„2016 წელს, როდესაც ინდოეთში პირველად ჩამოვედი დიპლომატიური მისიით, რათა წარმედგინა ჩემი ქვეყანა - საქართველო, მომეცა ფანტასტიური შესაძლებლობა უკეთ გავცნობოდი ინდურ კულტურას, რომელმაც მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ჩვენს გულებში. უძველესი კულტურითა და ტრადიციებით, საქართველო და ინდოეთი ყოველთვის ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ინდოეთში ჩასვლის პირველივე დღიდან, მოტივირებული ვიყავი, ინდოელი მკითხველისთვის, ქართული ლიტერატურის ბრწყინვალება გამეცნო და დღეს, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პირველად, ჰინდურ ენაზე, გამოქვეყნდა ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული შედევრი, "ვეფხისტყაოსანი“, რომელიც უდიდესი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის მიერ არის დაწერილი. ეს არის პოემა თავისი უნივერსალური ღირებულებებით, რომელიც აღწერს ბრძოლას ნათელსა და ბნელს შორის. მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დიდებული პროექტის შექმნაში", - განაცხადა არჩილ ძულიაშვილმა ჯაიპურის წიგნის ფესტივალის ფარგლებში გამართულ ონლაინპრეზენტაციაზე.