იაპონიის საელჩო ახალი ელჩის მისასალმებელ სიტყვას ავრცელებს. იმამურა აკირა საქართველოში 2020 წლის 6 დეკემბერს ჩამოვიდა.
„საქართველოს ბოლოს 1999 წელს ვეწვიე. მას მერე სულ მქონდა სურვილი, რომ კვლავ ჩამოვსულიყავი კავკასიონის ულამაზეს მთებთან, ცივილიზაციის გზაჯვარედინზე მდებარე ამ მომხიბვლელ ქვეყანაში, სადაც უნიკალური კულტურაა. ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია იმის დანახვა, თუ როგორ გაუმკლავდა ქვეყნის აღმშენებლობის გზაზე სხვადახვა გამოწვევას ახალგაზრდა ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა.
იაპონია და საქართველო იზიარებენ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. 1992 წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ჩვენ განვავითარეთ მეგობრული ურთიერთობები სხვადახვა სფეროში: პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც მოიცავს აზრთა გაცვლას როგორც რეგიონულ საკითხებზე, ასევე თანამშრომლობას საერთაშორისო ასპარეზზე, კერძო ბიზნესისა და ჩვენი დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე კულტურების გაცვლას.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, იაპონია მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას საგრანტო დახმარების სხვადასხვა ფორმით. კერძოდ კი, ჩვენ ხელს ვუწყობთ დასავლეთ-აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყნის დაკავშირებას დანარჩენ სამყაროსთან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებით.
ასევე საქართველოში, სხვადასხვა ადგილას ვახორციელებთ პროექტებს ტექნიკური თანამშრომლობით კადრების გაზრდის, საგრანტო დახმარების თუ გრასრუტების და ადამიანთა უსაფრთხოების პროგრამების ფარგლებში, რათა აიწიოს მოსახლეობის ცხოვრების დონე. ჩვენ განვახორციელეთ პროექტები სხვადასხვა სფეროში, რასაც ქართველი ხალხი დადებითად აფასებს. მე ძალისხმევას არ დავიშურებ ამ პროგრამების მხარდასაჭერად მომავალშიც.
გარდა ამისა, შთამბეჭდავია წარმატებები ბიზნესის მიმართულებით, რის შედეგადაც იზრდება იაპონური კომპანიების ინტერესი. ამ წლის დასაწყისში, იაპონურმა კომპანიამ გადაწყვიტა, ინვესტიცია განახორციელოს საქართველოს ჰიდროელექტრო სადგურში. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას, როგორც წინგადადგმულ ნაბიჯს „ნახშირბადისგან თავისუფალი საზოგადოებისკენ“, 2050 წლისთვის, რის შესახებაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა 2020 წლის ოქტომბერში.
როგორც იაპონიის მთავრობა აქტიურად დაუჭერს მხარს ასეთი ტიპის ბიზნესის განვითარებას საინვესტიციო და საგადასახადო საკითხებზე ხელშეკრულებების გაფორმებით. ამასთან ერთად, ქართული კულტურა უფრო და უფრო პოპულარული ხდება იაპონიაში. ქართველი სუმოისტები აქტიურ როლს თამაშობენ სუმოს სამყაროში, შქმერულიდან დაწყებული, ქართული კერძები და იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ქართული ღვინო უფრო და უფრო მეტ იაპონელს შორის სარგებლობს პოპულარობით.
ასევე, საქართველოშიც ძალიან უყვართ იაპონია, ქართველების ინტერესიც იაპონიისადმი, იაპონური ენისადმი და კულტურისადმი იზრდება. მე ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ „ომოტენაშის“ (სტუმართმასპინძლობა) მაზიარებელ ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უფრო გაძლიერდეს და გავუზიარო საქართველოს ხალხს იაპონიის სილამაზე და ინიციატივები.
ბოლო დროს, საქართველოში მოგზაური იაპონელი ტურისტებისა და აქ ხანგრძლივი პერიოდით მცხოვრები იაპონელების რიცხვი იზრდება. იაპონელი რეზიდენტების უსაფრთხოება იაპონიის საელჩოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ჩვენ აღმოვუჩენთ საჭირო თანადგომას იაპონელ მოქალაქეებს, მათ შორის ინფორმაციის გაზიარების თვალსაზრისით. COVID-19-ის გავრცელების შესაკავებლად, დამატებით, ჩვენ ხელს შევუწყობთ საქართველოს ჯანდაცვისა და სამედიცინო სისტემის გაძლიერებას (შესაბამისი მასალისა და აპარატებისმიწოდებით).
2022 წელს, ჩვენ აღვნიშნავთ იაპონია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს. ამ ღირსშესანიშნავ წელს რომ უკეთესი შედეგებით შევხვდეთ, მე მთელი ძალით გავაგრძელებ მუშაობას ჩვენი ხალხების ურთიერთობების გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად. თქვენი მხარდაჭერის, თანამშრომლობის და კეთილგანწყობის იმედი მაქვს! დასასრულს კი, მინდა ყოველივე საუკეთესო გისურვოთ. გთხოვთ, გაუფრთხილდით თავს პანდემიის ასეთ რთულ დროს“, - აღნიშნულია ელჩის მიმართვაში.