თურქეთმა პირველი მინი სატელიტი კოსმოსში გაუშვა. Grizu-263A-მა პირველი სიგნალები წარმატებით გამოგზავნა.
„პირველი სიგნალები წარმატებით მივიღეთ. ჩვენი თანამგზავრიდან Grizu-263A. ჩვენი თანამგზავრი ცოცხალია!!!“, - დაწერა Grizu-263-ს გუნდმა Twitter-ზე.
Grizu-263 2016 წელს ბიულენთ ეჯევითის უნივერსიტეტის ინჟინერიის სტუდენტების მიერ თურქეთის ჩრდილოეთით დაარსდა და მიზნად ისახავს, იმუშაოს კოსმოსურ და თანამგზავრულ ტექნოლოგიებზე და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კონკურსებში. გუნდს სახელი დაერქვა 1992 წელს კოზლუს რაიონში მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომელსაც 263 მაღაროელის სიცოცხლე შეეწირა.
სატელიტი ამერიკული აეროკოსმოსური კომპანიის SpaceX-ის Falcon 9 რაკეტით, კეიპ კანავერალიდან აშშ-ის ფლორიდის შტატიდან გაუშვეს.
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ს და კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი ამერიკული კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა 18 დეკემბერს ვიდეოზარი გამართეს. მხარეებმა მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის ციფრულ ეკონომიკასა და თურქეთის ეროვნულ კოსმოსურ პროგრამაზე ისაუბრეს.
საუბარი ასევე შეეხო ელექტრომობილებს, კოსმოსურ ტექნოლოგიებს, გრძელვადიან ინვესტიციებს და არსებული თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად გადასადგმელ ნაბიჯებს.
ასევე ისაუბრეს თურქეთის საკომუნიკაციო თანამგზავრის Turksat 5B ორბიტაზე გაშვების პროცესზე. თურქეთმა იანვარში SpaceX-ის მეშვეობით კოსმოსში თანამგზავრი Turksat 5-A გაუშვა.