კელი დეგნანი: რუსეთის ქმედებები ეჭვს არ ტოვებს, რომ ევროპული უსაფრთხოების მთავარი საფრთხე კრემლიდან მოდის

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან საუბრის შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელეს.

ასევე წაიკითხეთ: ვაშინგტონმა რუსეთთან მიმდინარე უსაფრთხოების დიალოგის პარალელურად დაადასტურა, რომ საქართველოს შესახებ მოლაპარაკება საქართველოს გარეშე არ შედგება

„მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს ამერიკის საელჩოში დღეს საღამოს. მინისტრმა და მე ახლახან დავასრულეთ კონსულტაციები სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდთან რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ჩვენი რეაგირების ძალისხმევის შესახებ. განვიხილეთ ამ კვირაში გამართული მაღალი დონის დიპლომატიური დიალოგი, ვმუშაობთ რა ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, ერთიანი პასუხის განსავითარებლად.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ეს არის კრემლის მიერ შექმნილი კრიზისი. გაუგებარია, რატომ ცდილობს რუსეთი ევროპული უსაფრთხოების დესტაბილიზაციას - შეიძლება, ამით ცდილობს შიდა პრობლემებისგან რუსი ხალხის ყურადღების გადატანას, ან NATO-ს ერთობის შესუსტებას. ერთი რამ კი ცხადია, სწორედ რუსეთი შეიჭრა სუვერენულ ქვეყნებში, როგორებიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, და სწორედ რუსეთმა მოახდინა უკრაინის საზღვარზე ჯარების მობილიზაცია მუქარის ნიშნად.

რუსეთის ქმედებები ეჭვს არ ტოვებს, რომ ევროპული უსაფრთხოების მთავარი საფრთხე კრემლიდან მოდის და ეს ასეა ბოლო ორი ათწლეულის უმეტესი დროის განმავლობაში. ახლა რუსეთი ცდილობს, შეცვალოს ძალისმიერი მუქარით სამი ათწლეულის მშვიდობა, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება. NATO 70 წლის წინ დაარსდა, როგორც თავდაცვითი ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურობას ესწრაფვის“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩის განცხადებით, NATO-მ რუსეთს NATO-რუსეთის საბჭოს მეშვეობით საუბარი შესთავაზა, მაგრამ რუსეთმა მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.

„თუ ახლა კრემლი სერიოზულად უყურებს დიალოგს, მან უნდა გადადგას ნაბიჯები დაძაბულობის დეესკალაციისთვის, რაც თავად რუსეთმა შექმნა. როგორც გუშინ სახელმწიფო მდივანმა, ბლინკენმა განაცხადა, თუკი რაიმე გამოწვევა დგას ევროპული უსაფრთხოების წინ, ის რუსეთისგან მოდის და არა NATO-სგან.

რუსეთის რიტორიკა ვერ გადაფარავს რომ რუსეთი შეიჭრა თავის მეზობელ ქვეყნებში დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოებში და ახლა მისი ჯარები განლაგებულია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიებზე.

რუსეთმა გამოიყენა ქიმიური იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და კლავდა და კლავს ხალხს მთელ ევროპაში. რუსეთია, რომელიც აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციასა და ტყუილს, ევროპაში დაბნეულობისა და განხეთქილების შეტანისთვის.

მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, ახლაც და ადრეც, ევროპა კვლავ ერთიანია. შეერთებულმა შტატებმა, NATO-მ და ევროპელმა ლიდერებმა დაადასტურეს ჩვენი ერთობლივი ერთგულება დიალოგისა და დიპლომატიის მიმართ და აღნიშნეს, რომ ჩვენთვის აუცილებელია, რუსეთმა განახორციელოს კონკრეტული ქმედებები დაძაბულობის დეესკალაციისთვის, თუ გვინდა რომ დიპლომატია წარმატებული აღმოჩნდეს.

ამ კვირის მაღალი დიპლომატიური დიალოგის ფარგლებში, ჩვენი შემდგომი მოქმედებისას ვიხელმძღვანელებთ ამ უმთავრესი პრინციპებით: გადაწყვეტილებების მიღება NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით თითოეულ აპლიკანტ ქვეყანასა და NATO-ს 30 მოკავშირეზეა დამოკიდებული.

ვერავის სხვას ვერ ექნება ხმის ან ვეტოს უფლება ამ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ ევროპის შესახებ, ევროპის გარეშე. ჩვენ არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთNATO-ს შესახებ NATO-ს გარეშე, და ჩვენ არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე. ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება აირჩიონ თავისი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროს პარტნიორები“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.

კელი დეგნანის განცხადებით, საერთაშორისო სამართლის ძირითადმა პრინციპებმა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას 80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოუტანა საერთო მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა.

„ეს ის პრინციპებია, რომლებსაც რუსეთის ლიდერები არაერთხელ დაეთანხმნენ. ყველა ჩვენგანმა მტკიცედ უნდა უარყოს პრეზიდენტ პუტინის მცდელობა, ჩაანაცვლოს ეს პრინციპები საბჭოთა მსგავსი დომინირებით, ჩაგვრითა და კონტროლით. საქართველო კარგად იცნობს რუსეთს თქვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ხანგრძლივი ისტორიიდან. საქართველო NATO-სა და შეერთებული შტატების ღირებული პარტნიორია და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ამ კრიზისზე პასუხის გასაცემად, ვაგრძელებთ რა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მშენებლობას“, - განაცხადა კელი დეგნანმა.