Europetime-ის ინტერვიუ ევროპული პოლიტიკის ცენტრის (EPC, ბელგია) ევროპის და მსოფლიო პროგრამების წამყვან ანალიტიკოს ამანდა პოლთან. ამანდა პოლი არის უფროსი ასოცირებული მკვლევარი პოლიტიკის კვლევების საერთაშორისო ცენტრში კიევში, სადაც მონაწილეობს უკრაინასა და უფრო ფართო რეგიონთან დაკავშირებულ კვლევებსა და ღონისძიებებში. მისი ექსპერტული საქმიანობა მოიცავს თურქეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის, უკრაინის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებს შავი ზღვის რეგიონში, რუსეთის საგარეო პოლიტიკას ყოფილ საბჭოთა სივრცეში და ევროკავშირის პოლიტიკას მის აღმოსავლეთ სამეზობლოში. მასთან ინტერვიუ უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრით დავიწყეთ.
ამანდა პოლი: ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია - ვხედავთ, რომ გადამწყვეტი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. როგორი იქნება მხარეებს (აშშ, მისი მოკავშირეები, რუსეთი, რედ.) შორის დიალოგის შედეგი? ეს არის მილიონ დოლარიანი შეკითხვა. არ მქონდა მოლოდინი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის შეხვედრა მნიშვნელოვან გარღვევას მოიტანდა. ვფიქრობ, ეს კრიზისი კიდევ გაგრძელდება.
საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხის გამორიცხვა (რასაც რუსეთი ითხოვს. რედ) სერიოზული შეცდომა იქნება ალიანსისა და შეერთებული შტატების მხრიდან, რადგან ეს ნიშნავს, რომ ძირითადად რუსეთს ექნება ვეტო ალიანსის მომავალ გაფართოებაზე. მე არ ველოდები, რომ ეს მოხდება, რადგან ამერიკელებს ძალიან მკაფიოდ ესმით, რომ რუსეთს არ შეუძლია, გადაწყვიტოს საქართველოსა და უკრაინის საგარეო პოლიტიკური მიმართულების მომავალი და არ აქვს ხმა NATO-ს გადაწყვეტილებებზე.
ვფიქრობ, რუსეთის მიდგომაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ იქნება. ისინი გააგრძელებენ ესკალაციას სამხედრო მანევრებით, მეტი მუქარით, მეტი მოთხოვნით - აქედან გამომდინარე ვფიქრობ, შემდეგი ნაბიჯი დასავლეთის მხრიდან იქნება მეტი დიპლომატია, მეტი ძალისხმევა რუსებთან სასაუბროდ. თუმცა, იმედია, ამასთან ერთად გააძლიერებენ უკრაინის შესაძლებლობებსა და შეკავების უნარებს, რომ უკრაინამ დაიცვას საკუთარი თავი.
_შექმნილი ვითარება რა გავლენას იქონიებს შავი ზღვის რეგიონზე?
შავ ზღვაში დაძაბულობა შენარჩუნდება იმიტომ, რომ იზრდება დაპირისპირება რუსეთის აგრესიასა და დასავლურ დემოკრატიას შორის. საჭიროა მტკიცე ფოკუსირება არამხოლოდ NATO-ს მხრიდან უკვე მიმდინარე/ჩატარებული ოპერაციების საშუალებით, არამედ თავად სახელმწიფოებისგან თანამშრომლობის გაძლიერება ერთობლივი სამხედრო წვრთნებით, მედეგობის განმტკიცება კიბერშეტევებისა და ჰიბრიდული გამოწვევების წინააღმდეგ. დასავლეთს შავი ზღვის მიმართ დიდი ყურადღების შენარჩუნება სჭირდება.
_რა ნაბიჯები უნდა გადადგან რუსული საფრთხის წინაშე მყოფმა სახელმწიფოებმა ქვეყნის შიგნით?
ასეთ ვითარებაში, მედეგი სახელმწიფოების მშენებლობა გადამწყვეტია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ დემოკრატიული რეფორმები და გააძლიერონ სასამართლო დამოუკიდებლობა/კანონის უზენაესობა. ორივე ქვეყანამ, საქართველომ და უკრაინამ მიაღწიეს პროგრესს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ კვლავ რჩება მრავალი სირთულე, განსაკუთრებით ძლიერი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობის თვალსაზრისით.
_და ბოლოს, ასევე მინდა გკითხოთ „3+3“ ფორმატზე. როგორც უკვე ცნობილია, მასში ჩართვაზე საქართველომ უკვე დააფიქსირა უარი... რა სურათს ქმნის ეს პლატფორმა რეგიონისთვის?
მე არ ვარ ამ პლატფორმის დიდი გულშემატკივარი, რადგან ის გამორიცხავს საქართველოს და დასავლეთის სხვა ქვეყნების ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ პლატფორმას ექნება რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი. რეგიონს ნაკლები რუსეთი სჭირდება და არა მეტი რუსეთი. თურქეთი ხელს უწყობს ამ პლატფორმას, რადგან ხედავს სხვა გზებს სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისთვის, რომლებიც თურქეთის ინტერესებშია.
ამასთან, თურქეთს არ სურს, გააპროტესტოს რუსეთის ფედერაციის მიერ შემოთავაზებული პროექტები და ინიციატივები. ჩვენ ყოველთვის არ ვეთანხმებით რუსეთს, მაგრამ თურქეთს არ სურს, რუსეთის წინააღმდეგი იყოს, თუ რუსეთი ზის მაგიდასთან, თურქეთსაც სურს ამ მაგიდასთან ყოფნა. ბევრად უფრო მომგებიანია, რომ რეგიონში ყველა აქტორი იყოს ჩართული.