რომის პაპი გამოდის ინიციატივით, რომ უკრაინის კრიზისის გამო „მშვიდობისთვის ლოცვის დღე“ გაიმართოს

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ შეშფოთებით ადევნებს თვალს უკრაინაში დაძაბულობის ზრდას. რომის პაპი გამოვიდა მოწოდებით, რომ უკრაინის კრიზისის გამო, 26 იანვარი „მშვიდობისთვის ლოცვის დღე“იყოს.

„მე შეშფოთებით ვაკვირდები მზარდ დაძაბულობას, რომელიც ემუქრება ახალი დარტყმით უკრაინაში მშვიდობას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას, კიდევ უფრო ფართო შედეგებით“, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.

ვატიკანს არ გაუვრცელებია დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ აღნიშნავს პაპი ამ დღეს.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს.