სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა.
როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გასაჩივრდა საქართველოს პარლამენტის მიერ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული იმ ცვლილებების (იმ ნორმების) კონსტიტუციურობის საკითხი, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სანაცვლოდ ორი ახალი სამსახურის შექმნას.
„კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან („საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“) მიმართებით გასაჩივრდა საქართველოს პარლამენტის მიერ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული იმ ცვლილებების (იმ ნორმების) კონსტიტუციურობის საკითხი, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სანაცვლოდ ორი ახალი სამსახურის შექმნას და სამსახურის გაყოფის თანამდევ შედეგებს, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საფუძველზე შექმნილი უწყებების ხელმძღვანელების არჩევას.
ამასთან, მოთხოვნილი იქნა გასაჩივრებული ნორმების მოქმედების დაუყოვნებლივ შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, ვინაიდან სადავო ნორმების ამოქმედება გამოიწვევს სახელმწიფო ინსპექტორისთვის გამოუსწორებელ შედეგს (უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას). სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აქვს სამი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელთა განხორციელებისას განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამსახურის დამოუკიდებლობა როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან. უწყების დამოუკიდებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი მისი ხელმძღვანელის არჩევითი ბუნება და უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში კანონით მისთვის დაწესებული ხელშეუხებლობის გარანტიებია. სწორედ საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა, მისი შინაარსითა და დანიშნულებით, განსაკუთრებულ კონსტიტუციურ დაცვას საჭიროებს. ის ფაქტი, რომ პარლამენტი თვითნებურად, საკანონმდებლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, უფლებამოსილებას ვადამდე უწყვეტს წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიებაზე, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების მონიტორინგზე და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე გარე კონტროლის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს, ზიანს აყენებს არამხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, არამედ ახლად შექმნილი ორგანოების დამოუკიდებლობასაც", - ვკითხულობთ განცხადებაშიი.
ასევე წაიკითხეთ:
კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით: პრეზიდენტის შეშფოთებას ვიზიარებ