შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
უწყების გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობ კაცს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ხოლო შემდეგ ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაპირისპირებისას დაშავდა თავად ბრალდებულიც.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მედიაში გავრცელებული ცნობით, მოკლულია 77 წლის კაცი, რომელიც სპირტის ბიზნესს ფლობდა.