ყაზახეთში განვითარებულ პროცესებს პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, მმართველობის ცენტრის დირექტორი ჯენიფერ ბრიკი Europetime-თან ინტერვიუში აჯამებს. რა შედეგის წინაშე აღმოჩნდა ქვეყანა, როგორ დასრულდა შიდა სახელისუფლებო ბრძოლა და როგორ იკვეთება იქ ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესები. ამ საკითხებს ინტერვიუში ჯენიფერ ბრიკი განიხილავს, რომლის საქმიანობის სფერო სხვა მიმართულებებთან ერთად მოიცავს ცენტრალურ აზიას.
_რა სურათი გვაჩვენა ყაზახეთში მომხდარმა აშშ-ის, ჩინეთის და რუსეთის როლების თვალსაზრისით ცენტრალურ აზიაში?
აშშ-ს არ აქვს მკაფიო სტრატეგია ცენტრალურ აზიაში. ამჟამად უცნობია, რა ინტერესები აქვს მას. მას შემდეგ, რაც გავიდა ავღანეთიდან, გაუგებარია, რა არის აშშ-ის პოლიტიკა. რუსეთს და ჩინეთს აქვთ ძლიერი საერთო ინტერესები ცენტრალურ აზიაში. მინდა აღვნიშნო, რომ ამას შეჯიბრს და კონკურენციას ვერ დავარქმვეთ, ამ ქვეყნებს აქვთ ორმხრივი ინტერესები. რუსეთი უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ჩინეთი უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკურ განვითარებას.
_ექსპერტები შიდა ბრძოლაზე მიუთითებენ, რა მოიტანა პროტესტმა და რა იყო მისი სათავე?
ეს იყო შიდა საკითხებთან დაკავშირებული პროტესტი, რომელიც დაიწყო მშვიდობიანი აქციით საწვავის ფასებთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა თოყაევმა მოუწოდა რუსეთს, დაეცვა მისი პოზიციები, რადგან ის არ ენდობოდა უსაფრთხოების სამსახურებს. უსაფრთხოების სამსახურები ნაზარბაევის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. ასე რომ, ჩვენ ვნახეთ ერთგვარი პატარა ბრძოლა ნაზარბაევისა და თოყაევის ჯგუფებს შორის და მათ ისარგებლეს საპროტესტო აქციებით.
_რა მიიღო ყაზახეთმა ამ პროცესებით და როგორია თქვენი დასკვნა?
შედეგი ის არის, რომ პრეზიდენტმა თოყაევმა გაიმარჯვა. მან უსაფრთხოების სამსახურებზე კონტროლი დაამყარა. თავისი პოზიციების გასაძლიერებლად კი რუსეთი მიწვია. ახლა ის ხელისუფლების სხვადასხვა პოზიციიდან ნაზარბაევის ოჯახის წევრებს ანაცვლებს. მოგეხსენებათ, ისინი აკონტროლებენ უამრავ სიმდიდრეს და რესურსს. ვიცით, რომ ყაზახეთი ნავთობისა და გაზის ქვეყანაა... ნაზარბაევის ოჯახის წევრები კი სხვადასხვა თანამდებობაზე ინიშნებოდნენ. თოყაევმა თავისი ჯგუფი მოიყვანა, თუმცა ახლა რუსეთზეა დამოკიდებული. ყაზახეთის პრეზიდენტმა მიიწვია CSTO, რუსული ჯარები. ახლა თოყაევი სათავეებშია, მაგრამ რუსეთის წინაშე ვალშია.
_გულისხმობთ იმას, რომ რუსეთის გავლენის ზრდა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა?
აბსოლუტურად. რუსეთის გავლენა იზრდება ცენტრალურ აზიაში. მათ ჰყავთ 7000 ჯარისკაცი ტაჯიკეთში, ათასობით სამხედრო ყირგიზეთში, და უკვე ყაზახეთში. არ მგონია, რომ რუსეთი ამ შესაძლებლობის ძიებაში იყო. ეს მოულოდნელად მოხდა, მაგრამ შეერთებული შტატების გასვლა ავღანეთიდან, ახლა ქმნის კონკურენტულ გარემოს, აშშ-ის მიერ დატოვებული სივრცე რუსეთმა და ჩინეთმა სწრაფად იგრძნეს.