შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ მზადაა, გამოიყენოს ძალა უკრაინის წინააღმდეგ, თებერვლის შუა რიცხვებისთვის, მიუხედავად ზეწოლის კამპანიისა, განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანმა.
შერმანმა, რომელიც ამ თვის დასაწყისში შეხვდა რუს კოლეგას ვენაში, აღნიშნა, რომ პუტინის გეგმაზე, შესაძლოა, გავლენა იქონიოს 4 პეკინის ზამთრის თამაშებმა, რომელსაც შეერთებული შტატები და რამდენიმე მოკავშირე ბოიკოტს უცხადებენ.
შერმანმა დაამატა, რომ შეერთებული შტატები დიპლომატიისკენ ისწრაფვის მაგრამ ასევე ემზადება უარესი სცენარისთვის - „სრული შეჭრიდან“ დაწყებული, დამთავრებული „ჰიბრიდული თავდასხმებით ან დივერსიით, საბოტაჟით“.
რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს.