ენტონი ბლინკენმა განმარტა, როგორ უპასუხებს რუსეთს აშშ, თუ კრემლი გადაწყვეტს, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტოს

თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ კიდევ უფრო მეტად, ვიდრე აქამდე, ბუნებრივი აირი იარაღად აქციოს და ევროპისთვის მიწოდება შეწყვიტოს - მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მთავრობებთან და ძირითად მწარმოებლებთან მთელ მსოფლიოში, მათი შესაძლებლობების გაზრდაზე, - განაცხადა აშშ-სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
 
 
„ამ კვირაში კიევში ჩავიდა აშშ-ის სამხედრო დახმარების სამი გზავნილი, რომელშიც ჯაველინის დამატებითი რაკეტები და სხვა ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები, 283 ტონა საბრძოლო მასალა და არალეტალური აღჭურვილობა იყო უკრაინის ფრონტის მცველებისთვის.
 
მომდევნო დღეებში მოსალოდნელია მეტი დახმარების გაცემა. კონგრესს შევატყობინეთ ჩვენი სურვილის შესახებ, რომ უკრაინას თავდაცვის დეპარტამენტის საკუთრებაში არსებული ხუთი მი-17 ვერტმფრენი გადავცეთ. დამატებით, თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ ევროპასა და შეერთებულ შტატებში განთავსებული 8 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმში გადადის გადასროლისთვის, იმის უზრუნველსაყოფად, რომ NATO-ს საპასუხო ძალებს სწრაფად დავუჭიროთ მხარი თუ მოხდება მისი აქტივაცია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ მოკავშირეთა აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად.
 
ჩვენ, ასევე, ვაგრძელებთ ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობას მკაცრი ეკონომიკური სანქციების დასაწესებლად, რომ მოსკოვმა პასუხი აგოს თავის ქმედებებზე. ჩვენი საპასუხო ქმედებების ფარგლებში მზად ვართ, დავაწესოთ კონტროლი ექსპორტზე, რასაც გრძელვადიანი შედეგი ექნება და რუსეთს ააცილებს სტრატეგიული ამბიციების მისაღწევად საჭირო პროდუქტებს.
 
ვგეგმავთ ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერას რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების შედეგებთან გასამკლავებლად.
ვდგამთ რა ნაბიჯებს, რომ გლობალური ენერგიის მიწოდება არ შეწყდეს - ესეც უმნიშვნელოვანესი საკითხია, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ კიდევ უფრო მეტად, ვიდრე აქამდე, ბუნებრივი აირი იარაღად აქციოს და ევროპისთვის მიწოდება შეწყვიტოს - მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მთავრობებთან და ძირითად მწარმოებლებთან მთელ მსოფლიოში, მათი შესაძლებლობების გაზრდაზე.
 
ყველაფრის გათვალისწინებით, გასული კვირის განმავლობაში ჩვენმა ქმედებებმა რუსეთის წინაშე არსებული არჩევანი უფრო ცხადი გახადა. ჩვენ წარმოვადგინეთ დიპლომატიური გზა. ჩვენ წარმოვადგინეთ მძიმე შედეგების წყება თუ რუსეთი დამატებით აგრესიას აირჩევს. ჩვენ კიდევ უფრო გავააქტიურეთ უკრაინის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის მხარდაჭერა. და ჩვენ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ყოველმხრივ ერთიანნი ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ შეუპოვრად წინსვლას და მზადებას. რუსეთს რჩება გზა, გადაწყვიტოს, როგორ გვიპასუხოს. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვართ“, - სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
 

რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს.

26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.