სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ სოფელ ჯარიაშენთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის თაობაზე ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორები.
„ვადასტურებთ ჯარიაშენში „ბორდერიზაციას“. ფაქტს ადგილი ჰქონდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ინციდენტი განიხილეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 20 იანვრის შეხვედრაზე“, – აცხადებენ სუს-ში.
ცნობისთვის, სოფელ ჯარიაშენთან, სოფლის სასაფლაოდან ას მეტრში რუსმა სამხედროებმა ხნულები გაავლეს. ამ ადგილზე მოსახლეობა პირუტყვს აძოვებდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე გადაადგილებას ისინი უკვე ვეღარ შეძლებენ.