თბილისი-მოსკოვის პირდაპირი რეისი, რომელიც Georgian Airways-ს უნდა შეესრულებინა, გაუქმდა. ინფორმაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვებგვერდზე განთავსდა, ცნობას ადასტურებენ თავად ავიაკომპანიაშიც.
„აჟიოტაჟი ატყდა ისეთი, რომ ამან გამოიწვია სერიოზული პრობლემები. ჟურნალისტების აქტიურობის გამო... ატყდა აჟიოტაჟი და აღარ მოგვცეს ნებართვა - არ მოვიდა რეისის შესრულებაზე ნებართვა“, - განაცხადა ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა სატელევიზიო მედიასთან საუბრისას.
თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენა დღეს, 28 იანვარს, 10:00 საათზე უნდა შესრულებულიყო. კომპანია აცხადებდა, რომ ყველა ბილეთი გაყიდული ჰქონდა.
„მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საქართველოსა და რუსეთში. გავაუქმებთ თუ დავნიშნავთ ჩარტერულ რეისებს, ეს ავიაკომპანიის პრეროგატივაა და არა სხვისი. არაფერი გვაქვს ზარალი", - განაცხადა ასევე გაიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, მიზეზად ის დასახელდა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის. ამას წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლები, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს დაიწყო. მანამდე, საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა იმართებოდა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა დაიკავა.