თეგი: ავიარეისი

თბილისი-მოსკოვის მიმართულებით 28 იანვარს დაგეგმილი პირდაპირი ავიარეისი გაუქმდა

თბილისი-მოსკოვის პირდაპირი რეისი, რომელიც Georgian Airways-ს უნდა შეესრულებინა, გაუქმდა. ინფორმაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვებგვერდზე განთავსდა, ცნობას ადასტურებენ თავად ავიაკომპანიაშიც. „აჟიოტაჟი ატყდა ისეთი, რომ ამან გამოიწვია სერიოზული პრობლემები. ჟურნალისტების აქტიურობის გამო... ატყდა აჟიოტაჟი და აღარ მოგვცეს ნებართვა - არ მოვიდა რეისის შესრულებაზე ნებართვა“, - განაცხადა ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა სატელევიზიო მედიასთან საუბრისას. თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენა დღეს, 28 იანვარს, 10:00 საათზე უნდა შესრულებულიყო. კომპანია აცხადებდა, რომ ყველა ბილეთი გაყიდული ჰქონდა. „მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საქართველოსა და რუსეთში. გავაუქმებთ თუ დავნიშნავთ ჩარტერულ რეისებს, ეს ავიაკომპანიის პრეროგატივაა და არა სხვისი. არაფერი გვაქვს ზარალი", - განაცხადა ასევე გაიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, მიზეზად ის დასახელდა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის. ამას წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლები, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს დაიწყო. მანამდე, საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა იმართებოდა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა დაიკავა. 

Pegasus Airlines-ი და Fly One Armenia სტამბოლსა და ერევანს შორის კვირაში სამ რეისს შეასრულებენ

Pegasus Airlines-ი და Fly One Armenia სტამბოლსა და ერევანს შორის კვირაში სამ რეისს შეასრულებენ. თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკებების ფონზე, სტამბოლსა და ერევანს შორის ორმხრივი ჩარტერული ფრენები 2 თებერვალს განახლდა. პირველ მგზავრებს ყვავილებითა და შოკოლადებით დახვდნენ. ზვარტნოზის აეროპორტმა პირველი რეისი სტამბოლის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან ორ თებერვალს, 02:20 საათზე მიიღო. რეისი Pegasus Airlines-მა შეასრულა. 2020 წლის თებერვალში თურქეთის ავიაკომპანია Atlasjet-ის გაკოტრების შემდეგ, თურქეთსა და სომხეთს შორის პირდაპირი ფრენები არ განხორციელებულა. ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი ქვეყნებს შორის უთანხმოებას იწვევს სომეხთა გენოციდის, სომხეთის მიერ ყარსის ხელშეკრულების არცნობის და თურქეთის მიერ აზერბაიჯანის მხარდაჭერის საკითხი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში. ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობისას, თურქეთმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს „ციურიხის ოქმებს“ 2009 წელს, მაგრამ ვერ მოახდინეს შეთანხმების რატიფიცირება ეროვნულ პარლამენტებში. ორმხრივმა ურთიერთობებმა ნორმალიზაციის თვალსაზრისით ცოტა ხნის წინ, ახალი განზომილება შეიძინა. თურქეთისა და სომხეთის სპეციალურმა წარმომადგენლებმა სერდარ კილიჩმა და რუბენ რუბინიანმა 14 იანვარს გამართეს პირველი შეხვედრა მოსკოვში, სადაც ორივე მხარე შეთანხმდა, რომ გააგრძელებდნენ მოლაპარაკებებს წინაპირობების გარეშე, რაც მიზნად ისახავს ურთიერთობების სრულ ნორმალიზებას. ქვეყნებს შორის ურთიერთობებში კიდევ ერთი დადებითი კონტურია, რომ სომხეთი თურქულ იმპორტზე ემბარგოს აუქმებს.  ასევე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გასულ კვირას განაცხადა, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სავარაუდოდ, მარტში, თურქეთის ყოველწლიურ ანტალიის დიპლომატიის ფორუმს დაესწრება, თუმცა სომხეთს ეს ჯერ არ დაუდასტურებია.

ავიაკომპანია KLM-მა უკრაინის თავზე ფრენები შეწყვიტა

ჰოლანდიურმა KLM-მა შაბათს განაცხადა, რომ აჩერებს ფრენებს უკრაინაში, რადგან შიშობს, რომ რუსეთი ემზადება მის დასავლელ მეზობელ სახელმწიფოში შეჭრისთვის. კომპანის განმარტებით, უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენები შემდგომ შეტყობინებამდე არ განხორციელდება. „მორიგი რეისი დედაქალაქ კიევში დღეს ღამით არის დაგეგმილი, მაგრამ არ განხორციელდება“, - ნათქვამია ნიდერლანდების მთავარი ავიაკომპანიის განცხადებაში. ნიდერლანდები შეუერთდა რამდენიმე ევროპულ ქვეყანას, მათ შორის ბელგიას, გერმანიასა და იტალიას, რომლებმაც თავის მოქალაქეებს მოუწოდეს,  დაეტოვებინათ უკრაინა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს. „მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელორუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა 11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე. რაც შეეხება კიევის პოზიციას, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ამავე თემაზე: თეთრი სახლი ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

Lufthansa კიევისა და ოდესის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa უკრაინის ქალაქების კიევისა და ოდესის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. ამის მიზეზი რუსეთის შესაძლო შეჭრის მზარდი შიშია, განაცხადა კომპანიის სპიკერმა. კომპანია ბოლო ფრენებს ამ ქალაქების მიმართულებით შაბათ-კვირას შეასრულებს, ფრენებს კი, 21 თებერვლიდან  თვის ბოლომდე შეწყვეტს. Lufthansa ქალაქ ლვოვში ფრენებს განაგრძობს. „Lufthansa მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას და შემდგომი ფრენების შესახებ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს“, განაცხადა სპიკერმა. მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა. რამდენიმე ევროპულმა ავიაკომპანიამ უკვე გააუქმეს ფრენები უკრაინაში. აშშ-ის მთავრობის უახლესი შეფასებით, ვარაუდობენ, რომ ახლა უკრაინის საზღვრის გასწვრივ, როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ბელორუსში 169,000-დან 190,000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, მაგრამ ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს ამბოხებულებს აღმოსავლეთ უკრაინაში. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა

დენის შმიგალი: მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან - იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს Twitter-იდან ქართულ ენაზე მიმართა: მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია@GharibashviliGeგამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება! #StopRussia მანამდე, შმიგალმა შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა. თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!  

მედია: ჩინეთის მასშტაბით, ფრენები მასობრივად უქმდება, მიზეზები გაურკვეველია

პეკინის აეროპორტმა 6000-ზე მეტი შიდა და საერთაშორისო რეისი გააუქმა. ამასთან, შანხაის საერთაშორისო აეროპორტებში (Pudong International Airport) ფრენების 50 პროცენტზე მეტი გაუქმებულია. ასევე, ჩქაროსნულ მატარებელზე გაყიდული ყველა ბილეთი გაუქმებულია და რკინიგზის მუშაობა სრულად გაჩერებულია შემდგომ შეტყობინებამდე. ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა. მედიის ცნობით, რეისების გაუქმების მიზეზი ძირითადად, ჩინეთის ბევრ პროვინციაში ეპიდვითარების გაუარესებას უკავშირდება. გამომძიებელი ჟურნალისტები კი წერენ, რომ „ფრენების ასეთი მასობრივი გაუქმება სამხედრო დირექტივა უნდა იყოს“. „საჰაერო მოძრაობის კონტროლის უფლებამოსილება ჩინეთის სამხედროებს აქვთ, რომლებიც თავის მხრივ, მითითებებს აძლევენ სამოქალაქო ავიაციის მენეჯმენტს. საჰაერო სივრცე გამოყოფილია ისე, რომ სამხედრო თვითმფრინავებს სურვილისამებრ შეეძლოთ ფრენა. ეს არის სამხედრო გეგმის, ან თუნდაც სამხედრო მომზადების ნაწილი“, - წერს ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც მისი საგამოძიებო მასალების გამო, დევნის ობიექტი გახდა და ახლა აშშ-ში ცხოვრობს. 

თბილისსა და ციურიხს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს

შვეიცარული ავიაკომპანია ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით ავიარეისების დანიშვნით დაინტერესდა და ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება. შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, პირველ ნოემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე შვეიცარული ავიაკომპანია „ედელვაისის“ აღმასრულებელ კომერციულ დირექტორს, პატრიკ ჰეიმანს შეხვდა, რომლის დროსაც საუბრის თემა იყო პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და შვეიცარიას შორის. „შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა დეტალურად ისაუბრა აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის მნიშვნელობასა და პერსპექტივაზე. რევაზ ლომინაძემ შვეიცარული ავიაკომპანიის ხელმძღვანელებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის მზარდი დინამიკის შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში არსებულ ვითარებასა და პოზიტიურ ტენდენციებზე. ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისები ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ინვესტორთა მოზიდვასა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას“, - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყაზახეთის 8 ქალაქიდან ბათუმში პირდაპირი ფრენები იწყება

ყაზახეთის რესპუბლიკის რვა ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. 10 ივნისიდან, მთელი სეზონის განმავლობაში, კვირაში ორჯერ ასტანა-ბათუმის ფრენებს ავიაკომპანია SCAT-ი განახორციელებს. შესაბამის ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ავიაკომპანიის მიმართულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ანდრეი ბიბერთან შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ გამართა. შეხვედრაზე ფრენების სიხშირის გაზრდასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. ჯაბა ფუტკარაძემ SCAT-ის წარმომადგენელს ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკა, ვიზიტორთა ზრდის სტატისტიკა და სექტორში დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიშა კოპლატაძე და ყაზახეთის რესპუბლიკის ყველაზე რეიტინგული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. აჭარის შესახებ სტატიები ყაზახეთის ონლაინ პლატფორმებზე განთავსდება. ამასთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები, მხოლოდ აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით (1 330 861 ვიზიტი) აღდგენილია 82%-ით, 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით კი ზრდა 178%-ია. რაც შეეხება მხოლოდ დეკემბრის თვის მაჩვენებელს, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები, მხოლოდ აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით (სარფი, აეროპორტი, პორტი) 2019 წელთან შედარებით გაზრდილია 124%-ით (209 569). 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა 460%-ია.  

ერევნისკენ მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი გაუმართაობის გამო, მოსკოვში დაბრუნდა - მედია

ერევნისკენ მიმავალ სამგზავრო თვითმფრინავს პრობლემები შეექმნა და მოსკოვში დაბრუნდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მისივე ცობით, თვითმფრინავის მოსკოვში დაბრუნების მიზეზი წინა შასის კონტროლის სენსორის გაუმართაობა იყო.   რუსული სააგენტოს ცნობით, რუსეთში დაფუძნებული S7 Airlines-ის სამგზავრო ბოინგი 737 შერემეტევოს აეროპორტში დაეშვა.  

უამინდობის გამო, თბილისის აეროპორტში რამდენიმე რეისი გაუქმდა და გადაიდო

ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო დედაქალაქში ღამით შესასრულებელი რამდენიმე რეისი გაუქმდა, რამდენიმე კი გადაიდო. თბილისის აეროპორტის ინფორმაციით, ხილვადობა გაუმჯობესებულია და მუშაობას შეფერხების გარეშე განაგრძობენ. გაუქმდა: "თურქეთის ავიახაზების" სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის 2 რეისი; "პეგასუსის" - სტამბოლი-თბილისის რეისი; გადაიდო: "პეგასუსის" ანტალია-თბილისის რეისი; "აზერბაიჯანის ავიახაზების" ბაქო-თბილისის რეისი.  

Pegasus-მა ბორტზე ასატანი ხელბარგის წონა 8-დან 3 კგ-მდე შეამცირა

ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა უფასო ბარგის წონა 3 კგ-მდე შეამცირა.აქამდე ბორტზე ასატანი ხელბარგის მაქსიმალური წონა 8 კგ იყო. ცვლილება შეეხო ზომებსაც. მაქსიმალური ზომა თუ აქამდე 55x45x20 სმ იყო, ახლა ხელბარგის ზომა 40x30x15 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ცვლილება მხოლოდ 2024 წლის 13 თებერვლის შემდეგ შეძენილ ბილეთებზე ვრცელდება.   ავიაკომპანია Pegasus-ი საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს ფრენებს.