უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთისთვის გამიზნული სანქციების დაწესების ვადები გააკრიტიკა.
„თუ ხვალ სრულმასშტაბიანი ომი იქნება, რატომ გვჭირდება სანქციები ამის შემდეგ? მე არ ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
„როცა თავად იცავ თავს, როცა მარტო ხარ პირისპირ ძალიან ძლიერ სახელმწიფოსთან და გიჩნდება შეკითხვა: რა საჭიროა სანქციები „შემდეგ“, ვისკენ არის მიმართული? რისთვის? ეხება თუ არა უკრაინას? სამწუხაროდ, არა. არ ვიცი, რა იქნება შემდეგ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთს სურს ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის შეჩერება.
„მაგრამ ეს ჩვენი სახელმწიფოს ხარჯზე არ შეიძლება, გაკეთდეს. ჩვენ 15 ათასი ადამიანი დაგვეღუპა და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა კი განიხილავს სანქციებს „შემდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტს ასევე სურს, მკაფიოდ გაიგოს, თუ რა პერსპექტივები აქვს უკრაინას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
„კონკრეტიკა გვჭირდება. ანუ, გვითხარით მიზეზები. NATO-ში არ ვართ? გვითხარით, რომ NATO-ში არ ვართ. ღიად გვითხარით, რომ NATO-ში არასდროს ვიქნებით. რატომ გვესაუბრებით მომავალზე? რისკები აწმყოში გვაქვს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.