მინსკში მიხაილ გალუზინსა და გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრა გაიმართა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხაილ გალუზინსა და გიორგი ზურაბაშვილს შორის მინსკში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 


უწყების განცხადებით, მიხაილ გალუზინსა და გიორგი ზურაბაშვილს შორის შეხვედრა მინსკში, „განახლებული პირდაპირი რუსულ-ქართული დიალოგის ფარგლებში“ შედგა.


სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობით, მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებაზე იმსჯელეს.

უწყების ცნობით, მხარეებმა „რამდენიმე პრაქტიკულ შეთანხმებას“ მიაღწიეს და კონტაქტების გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ. სამინისტრო შეთანხმებების შინაარსს არ აკონკრეტებს.


„ორმხრივი ურთიერთქმედების აქტუალურ საკითხებზე, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე აქცენტით, მოსაზრებების საფუძვლიანი გაცვლა შედგა. მიღწეული იქნა რიგი პრაქტიკული შეთანხმებები,“ - ნათქვამია განცხადებაში.


უწყების ცნობით, მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.


„ორივე დელეგაციის ხელმძღვანელებმა მადლიერება გამოხატეს ბელორუსული მხარის მიმართ რუსულ-ქართული შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის. მიღწეული იქნა შეთანხმება კონტაქტების გაგრძელების შესახებ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე,“ - აღნიშნულია განცხადებაში.


ინფორმაცია მოგვიანებით გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ. მისი მიხედვით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა 19 ნოემბერს, მინსკში, პირველი შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან. ქართული მხარის მიერ გავრცელებულ ცნობაშიც ნათქვამია, რომ მხარეებმა „მიაღწიეს რიგ შეთანხმებებს“, თუმცა დეტალები დაკონკრეტებული არ არის.


„შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე. ასევე განიხილეს ამ მიმართულებებით არსებული გამოწვევები და მიაღწიეს რიგ შეთანხმებებს. ხაზი გაესვა დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების მოგვარების, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.


მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ შეხვედრები აღნიშნული ფორმატის ფარგლებში და მადლობა გადაუხადეს ბელორუსულ მხარეს პირველი შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.