საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან 32-ე კვირას ქადაგებისას აღნიშნა, რომ ღმერთს სურს, ყველა ადამიანს აეხილოს სულიერი თვალი, ეს არის მთავარი აზრი სულიერი ცხოვრებისა, რომ ვიხილოთ ღმერთი, შევიცნოთ ღმერთი, ეს არის სულის გადარჩენა, სწორედ ეს არის სულის ცხონება - ხედვა და შეცნობა ღვთისა.
მეუფე შიომ მრევლს მიმართა, რომ დღევანდელი სახარებით წმინდა ეკლესია გადმოგვცემს სწორედ ყველაზე მთავარს – აზრს ცხოვრებისას, რომ ღმერთს სურს, ყველა ადამიანს აეხილოს სულიერი თვალი, იგი ამისთვის მივიდა დედამიწაზე, რომ აგვიხილოს სულიერი თვალები.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის თქმით, სწორედ ეს არის მთავარი აზრი სულიერი ცხოვრების, რომ ვიხილოთ ღმერთი, შევიცნოთ ღმერთი, მაგრამ ამისთვის საჭიროა, გვქონდეს ისეთივე მისწრაფება, როგორიც ჰქონდა იერიქონელ ბრმას, ისეთივე სინანული, გაცნობიერება ჩვენი სულიერი სიბრმავისა და ვედრება უფლისადმი, რომ შეგვიწყალოს და აგვიხილოს სულიერი თვალები. ამის გარეშე კი მეუფე შიოს სიტყვებით, ადამიანის ცხოვრებას, მარადისობის თვალსაზრისით, ღვთის თვალსაზრისით, აზრი აღარ აქვს, რადგან ეს არის მთავარი აზრი ცხოვრების:
„სხვაგვარად, თუ ჩვენ ჩვენივე სიცოცხლეში არ მივაღწევთ ამას, აზრს კარგავს ჩვენი ცხოვრება. შეიძლება მიწიერ ცხოვრებაში მივაღწიოთ წარმატებას სხვადასხვა დარგში, მოვასწროთ გარკვეული სიკეთის გაკეთებაც ვიღაცისთვის, თუნდაც ჩვენი ოჯახის წევრებისთვის და ჩვენი სახელი დარჩეს შთამომავლობაში... ესეც კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სულის გადარჩენისთვის, იმიტომ, რომ სულის გადარჩენა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ შენი სახელი ახსოვდეთ მომავალ თაობებს, არამედ სულის ცხონება არის ის, როდესაც ადამიანი აგრძელებს ცხოვრებას მარადისობაში ღმერთთან ერთად“.
მანვე მრევლს შეახსენა, რომ ეკლესიაში იწყება დიდი მარხვისთვის მოსამზადებელი პერიოდი, როდესაც წმინდა ეკლესია გვამზადებს დიდი მარხვისთვის, თუ რა განწყობით უნდა შევეგებოთ ამ სარბიელს.
„დღეს ჩვენ ვფიქრობთ, თუ რა არის სიბრმავე, როგორი შეიძლება იყოს სიბრმავე. სიბრმავე არის ფიზიკური, მაგრამ ასევე არის სულიერი სიბრმავეც, რომელიც ბევრად უარესია ფიზიკურ სიბრმავეზე, რადგან სულიერმა სიბრმავემ შეიძლება ადამიანი სამუდამო დაღუპვამდე მიიყვანოს. ეს სულიერი სიბრმავეც შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული. მაგალითად, ამპარტავნებით.
როგორც გახსოვთ, ფარისევლებმა და მწიგნობრებმა, მიუხედავად იმისა, რომ ისმენდნენ ღვთის სიტყვას, იყვნენ მოწმენი უამრავი სასწაულისა, მკვდრეთით აღდგინებისა და ასე შემდეგ, მათ მაინც არ ირწმუნეს იესო ქრისტესი, იმიტომ, რომ სწორედ ეს სიბრმავე ჰქონდათ მათ – იმჟამინდელ ყველაზე განათლებულ საზოგადოებს, ვიმეორებ, ფარისევლებსა და მწიგნობრებს.
დღესაც გრძელდება ასეთი სიბრმავე, როდესაც ადამიანებს ამპარტავნების გამო არ სურთ, დაინახონ საკუთარი სიბრმავე, აღიარონ იგი და საერთოდ არ სჯერათ, რომ არსებობს სხვანაირი – სულიერი ხედვა და სარწმუნოება, როგორც ამბობს პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, რომ „რწმენა არის წვდომა უხილავისა“. ეს უხილავის წვდომა და ხედვა რომ შეიძლება, არსებობდეს, ასეთ ადამიანებს საერთოდ არ სჯერათ და არც უნდათ, იწამონ და ირწმუნონ. ამიტომაც არ იღებენ, არ ეხილებათ ეს თვალი.
სიბრმავე სხვანაირიც შეიძლება იყოს, მეორე სახის სიბრმავე, რომელიც სიძულვილისა და ბოროტებისაგან მოდის. ამაზე საუბრობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი. იგი ამბობს, რომ როდესაც ადამიანს სძულს თავისი ძმა, იგი ბნელშია და ბნელშივე, სიბნელეში დადის, არ იცის საითკენ მიდის, რადგან ბნელმა დაუბრმავა მას თვალი. აი, ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს იოანე ღვთისმეტყველი.
და კიდევ შეიძლება იყოს მესამე სახის სიბრმავე, როდესაც ადამიანი ჩაფლულია სხვადასხვა ვნებაში, ამსოფლიურ სიამეებში. ჩვენ ვხედავთ, რა ემართებათ ასეთ ადამიანებს, რომლებიც შეპყრობილნი არიან სიძვით, ნარკომანიით, ალკოჰოლიზმით, ლუდომანიით, ვერცხლისმოყვარეობით, შურით, ეჭვებით, სევდით და ა.შ. როგორ ზიანდებიან ისინი, აზიანებენ თავიანთ ოჯახებს. ასეთ ადამიანებზეც საუბრობს წმინდა სახარება. გახსოვთ, ასეთი მონაკვეთია, როდესაც სხვა ადამიანი, ვისაც აუხელს თვალს უფალი იესო ქრისტე, ამბობს სიტყვებს: „ვხედავ კაცთა, ვითარცა ხეთა, მიმომავალთა“. ესე იგი ვხედავ ადამიანებს, რომლებიც თითქოს როგორც ხეები, ისე დადიანო. აი, ასეთი ბუნდოვანი მხედველობა ჰქონდა მას თავიდან და შემდეგ მასაც აუხელს თვალს უფალი.
სიბრმავის აი, ასეთი სახეები არსებობს. მაგრამ ისმის კითხვა: გვეხება თუ არა ეს სახარება დღეს ჩვენ?! შეიძლება ითქვას, რომ გვეხება, ძვირფასო ძმებო და დებო, იმიტომ რომ ჩვენც მეტად თუ ნაკლებად გვახასიათებს ეს სულიერი სიბრმავე“, - აღნიშნა მეოფე შიომ ქადაგებისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.