სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობა ედებათ.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო და ოპერატული ღონისძიებების შედეგად, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან და საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებული პირები თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ სხვადასხვა პირებისგან ქრთამის სახით იღებდნენ ფულად თანხას. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია რამოდენიმე ათეული პირი, რომლებმაც სამსახურებრივი მფარველობისათვის ერთობლივად ან ცალ-ცალკე თანხა გადასცეს სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს.
ზემოთხსენებული ქმედების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღეს, რაც ურთიერთშორის გაინაწილეს.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო", - ნათქვამია ინფორმაციაში.