„საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებები კვლავ ცოცხალია“ და დასავლეთმა მცდელობები უნდა გააორმაგოს NATO-სა და ევროკავშირთან მათ დასაახლოებლად, რადგან ამის ალტერნატივა ისეთი სამყაროა, სადაც „ვინც ძლიერია, მართალიც ის არის და ქვეყნების მომავალს ტანკები, ჭურვები და ჯარისკაცები წყვეტენ“, - აცხადებს მაიკლ კარპენტერი, აშშ-ის ელჩი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ელჩის შეფასებით, თუ რუსეთს სერიოზული, ღია და გულწრფელი საუბარი სურს, ამისთვის აშშ მზად არის. იქნება თუ არა უკრაინაში ომი, მაიკლ კარპენტერი პასუხობს:
„ვფიქრობ, რისკი ძალიან რეალურია, რადგან ვხედავთ რუსული დანაყოფების თვითნებურ, უპრეცედენტო, აუხსნელ და ერთობ მასშტაბურ მობილიზებას უკრაინისა და ახლა უკვე ბელარუსის საზღვარზე. ლაპარაკია არა უბრალოდ ათიათასობით ჯარისკაცზე, არამედ აღჭურვილობასა და იმ ლოგისტიკაზე, რაც მასშტაბური სამხედრო ინტერვენციისთვის შეიძლება გჭირდებოდეს მეზობელ ქვეყანაში. და ვფიქრობ, არც თქვენ და არც თქვენს მკითხველს შეხსენება არ გჭირდებათ, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი 2008 წლის აგვისტოში, როცა თქვენს საზღვართან რუსეთი „კავკაზის“ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებდა - ეს წვრთნები საქართველოში რუსული დანაყოფების შემოსაყვანად გამოიყენეს, და მრავალი წლის შემდეგაც, დღემდე, ისინი საქართველოში რჩებიან“, - აღნიშნავს მაიკლ კარპენტერი.
მისივე თქმით, რუსეთის ქმედებებს უნდა შევხედოთ და არა სიტყვებს.
„ჩვენი თვალით ვნახეთ და კარგად გვახსოვს 2007 წელს ესტონეთის წინააღმდეგ მასშტაბური კიბერშეტევა, 2008 წელს საქართველოში შეჭრა, 2014 წელს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი უკრაინაში კი დღემდე გრძელდება, რუსული დანაყოფების, რუსული აღჭურვილობის, არტილერიისა და ტანკების წყალობით, რასაც ყოველდღიურად ეწირება უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე. ასე რომ, დიახ, [კრემლის] სიტყვებს დიდად არ ვაქცევ ყურადღებას - მე იმას ვუყურებ, რა ხდება ადგილზე, და ის, რაც ხდება, დიდ შეშფოთებას იწვევს“, - აღნიშნავს მაიკლ კარპენტერი.
აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისგან ახლა მეორე წერილს ითხოვენ, სადაც დასავლეთმა უნდა ახსნას, რატომ არღვევს 1999 წელს ეუთოს ეგიდით მიღებულ სტამბოლის დეკლარაციის დებულებას უსაფრთხოების განუყოფელობის შესახებ. როგორი იქნება დასავლეთის პასუხი? მაიკლ კარპენტერმა ამ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ დასავლეთმა დისკუსია და დიპლომატია უნდა გააგრძელოს.
„ეს პოზიტიური სიგნალია. ასე რომ, თუ რუსებს უნდათ, უსაფრთხოების განუყოფელობასა და იმ ვალდებულებებზე ვისაუბროთ, რომელიც ეუთოს წევრმა ქვეყნებმა საკუთარ თავზე აიღეს, მე ვიტყოდი - რატომაც არა, დიდი სიამოვნებით, მოდი, ვისაუბროთ ამაზე. ჩვენ საკმარისზე მეტი გვაქვს სათქმელი ეუთოს იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთმა არ შეასრულა. თუ რუსეთს სერიოზული, ღია და გულწრფელი საუბარი სურს, ჩვენ მზად ვართ. რატომაც არა - ვისაუბროთ იმაზე, რომ ერთი სახელმწიფო მეორის უსაფრთხოებას ძირს არ უნდა უთხრიდეს და შემდეგ შევხედოთ, რას აკეთებს რუსეთი მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს მიწაზე და ამის საპირწონედ, რას აკეთებს NATO“.
მაიკლ კარპენტერის თქმით, კრიზისმა შეიძლება გააჩინოს გადაუდებლობის კიდევ უფრო ძლიერი გრძნობა [საქართველოსა და უკრაინის NATO-სა და ევროკავშირთან დაახლოებასთან დაკავშირებით]. „რათა ვიხილოთ, როგორც ეს პრეზიდენტმა ბუშმა თქვა, მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა“.
ავფიქრობ, ამის მისაღწევად ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ მიმდინარე კრიზისის მოგვარების შემდეგ. კარგი იქნება, მოსკოვიც თუ ჰკითხავს საკუთარ თავს - რატომაა, რომ მისი ამდენი მეზობელი ისწრაფვის, NATO-ს, თავდაცვითი ალიანსის წევრი გახდეს? ვფიქრობ, პასუხი არცთუ ისე ძნელი მისახვედრია“, - აღნიშნავს აშშ-ის ელჩი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო).