თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობის დასასრულებლად თავისი წვლილი შეიტანოს, ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. უკრაინისა და თურქეთის ლიდერებმა სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში განიხილეს რეგიონში განვითარებული მოვლენები და ორმხრივი ურთიერთობები.
„ხაზგასმით აღვნიშნე, რომ თურქეთი სიამოვნებით უმასპინძლებს სამიტს (რუსეთსა და უკრაინას შორის) ლიდერების დონეზე, ან დისკუსიებს ტექნიკურ დონეზე“, - განაცხადა ერდოღანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის, მათ შორის ყირიმის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას“. „ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ კრიზისი დასრულდება მშვიდობიანად და დიპლომატიური გზით, საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე, მინსკის პროტოკოლის შესაბამისად“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.