„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაია სარჩელი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების არაკონსტიტუციურად ცნობას ეხება, 2022 წლის პირველ მარტამდე განიხილოს.
როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის 2022 წლის 1-ელი მარტის შემდეგ დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ლონდა თოლორაია ვერ აღდგება სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებულ თანამდებობაზე.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ლონდა თოლორაიამ საიას დახმარებით, მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სარჩელი დაარეგისტრირა 2022 წლის 28 იანვარს. გასაჩივრებული ნორმები ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის - პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 21 იანვრის №12 და №13 ბრძანებებით, უკვე შექმნილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიები. საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევ კონკურსებში მონაწილეობის მიზნით, განცხადებების/თანდართული დოკუმენტების მიღების პროცესი დაიწყო 2022 წლის 25 იანვრიდან და 1 თებერვალს დამთავრდა. აღნიშნულმა კომისიებმა თითოეული თანამდებობისათვის უნდა შეარჩიონ არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურა, რომელთაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენენ. მთავრობის მეთაურისგან კი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობებზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს ორ-ორი კანდიდატურა წარედგინება.
2022 წლის 4 თებერვალს ჩანიშნულია კომისიის სხდომა, რომელმაც უნდა გამოავლინოს კანდიდატები, რომლებიც არჩევის შემთხვევაში, შეუდგებიან უფლებამოსილების შესრულებას 2022 წლის 1 მარტიდან", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.