ლონდა თოლორაიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაია სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო და საქმე განსახილველად პირველ კოლეგიას გადასცა. ამის შესახებ განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სარჩელზე მომხსენებელ მოსამართლედ ვასილ როინიშვილი დაინიშნა.

„მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გაავრცელოს ინფორმაცია საქმეზე ლონდა თოლორაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1673). მოსარჩელემ საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა 2022 წლის 28 იანვარს. კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, კოლეგიებისთვის საქმეთა განაწილების რიგითობის წესის დაცვით, საქმე განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის სასამართლო შემადგენლობიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად, №1673 კონსტიტუციურ სარჩელზე მომხსენებელ მოსამართლედ დაინიშნა ვასილ როინიშვილი. საკონსტიტუციო სასამართლო, საქმის განხილვისთვის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, გაავრცელებს ინფორმაციას №1673 კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ჩატარებისა ან/და საქმეზე სამართალწარმოების სხვა პროცედურის განხორციელების შესახებ“, - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაია საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით 28 იანვარს მიმართა.