თბილისსა და იმერეთში, სხვადასხვა დროს, 3 პირი დააკავეს, რომელთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისში, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, EKOL-ის ფირმის, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი და ასევე, კუსტარულად გადაკეთებული 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კი, 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.შ. -ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, 2 ვაზნა, გადაჭრილი ორლულიანი თოფი, ე.წ. ბარაბნიანი პისტოლეტი და სანადირო თოფის ორი მასრა. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული ხ.ბ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ხონში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „მაკაროვი-პმ-ის“ მოდელის პისტოლეტი, მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
აღნიშნული დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.