The Washingtonpos Post-თან ინტერვიუში გერმანიის კანცლერმა, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენს ორშაბათს თეთრ სახლში ხვდება, უარყო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მისმა მთავრობამ საკმარისი არ გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად.
ეს ოლაფ შოლცის პირველი ვიზიტია ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც 8 დეკემბერს თანამდებობა დაიკავა.
„რეალობა ის არის, რომ გერმანია არის NATO-ს უდიდესი პარტნიორი ევროპაში; რომ ჩვენ მუდმივად ვაძლიერებთ ჩვენს სამხედრო ძალებს; ჩვენ ვართ ძალიან კარგი პარტნიორი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს მოკავშირეებთან NATO-სა და [ევროკავშირში] შეერთებულ შტატებთან იმის შესახებ, თუ როგორ ვუპასუხოთ ამ საფრთხეს უკრაინის მიმართ, რომელიც მოდის რუსეთიდან. ჩვენი მკაცრი პასუხია ის, რომ ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოჰყვება მათ (რუსეთის, რედ.) შეჭრას. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ვიპოვოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან.
ჩვენ ვართ უკრაინის ყველაზე ძლიერი ეკონომიკური მხარდამჭერები. ჩვენ ერთად ვმუშაობთ განახლებად ენერგიებსა და სამომავლო ტექნოლოგიებზე, რაც მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და მეტი ეკონომიკური/ფინანსური მდგრადობის შესაძლებლობას ქმნის“, - აღნიშნავს შოლცი.
ხალხი აკრიტიკებდა გერმანიას უკრაინაში 5000 ჩაფხუტის გაგზავნის გამო, მაგრამ იარაღი არ გაგიგზავნიათ, ჟურნალისტის ამ კითხვას, გერმანიის კანცლერმა უპასუხა, რომ ჯერ უკრაინამ წამოაყენა მოთხოვნა ჩაფხუტების გაგზავნის შესახებ, რაზეც გერმანიამ რეაგირება მოახდინა.
„მეორე საკითხია, რომ არის მკაცრი საექსპორტო კრიტერიუმები კრიზისულ რეგიონებში იარაღის ექსპორტთან დაკავშირებით, რომლებსაც მივყვებით. გერმანიის საექსპორტო შეზღუდვები დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, რომელიც ყოფილი მთავრობის მხრიდან მოქმედებს“.
კითხვაზე, შეაჩერებს თუ არა გერმანიის მთავრობა Nord Stream 2-ის მილსადენის გახსნის პროცესს, თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას დაიწყებს? ოლაფ შოლცმა უპასუხა:
„ჩვენ მზად ვართ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი. გვაქვს ძალიან მკაფიო შეთანხმება შეერთებული შტატების მთავრობასთან გაზის ტრანზიტისა და ენერგეტიკული სუვერენიტეტის შესახებ ევროპაში. უკვე შევთანხმდით, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რომ ინტენსიურად ვიბრძოლებთ გაზის ტრანზიტისთვის უკრაინის გავლით და ვიქნებით ძალიან მტკიცენი, თუ ამ გაზის ტრანზიტს საფრთხე დაემუქრება. ასევე, სრულიად ნათელია, რომ მსგავს სიტუაციაში ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ჩვენი პასუხი იქნება ერთიანი და გადამწყვეტი“.
რა ნაბიჯები იდგმება რუსეთზე გერმანიის ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად? ოლაფ შოლცის თქმით, ახლად ჩამოყალიბებული მთავრობის ერთ-ერთი საკვანძო საქმიანობა მოიცავს ელექტროენერგიის წარმოებას და ქარის ელექტროსადგურების ამუშავებას.
„2045 წელს,სრულიად დამოუკიდებელი ვიქნებით გერმანიაში გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტისაგან, რადგან ჩვენ უბრალოდ დავეყრდნობით განახლებად რესურსებს“. „ჩვენი ენერგიის მხოლოდ 25-დან 26 პროცენტამდეა ბუნებრივი აირი და მისი მხოლოდ ნაწილი მოდის რუსეთიდან. ასევე არის ნაწილი ნორვეგიიდან ან ნიდერლანდებიდან“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
რას ელის შოლცი აშშ-ში ვიზიტისგან, გერმანიის კანცლერის განცხადებით, შეერთებული შტატები გერმანიისა და ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობის გაძლიერება მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ერთად ვართ NATO-ში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა მთავარ პარტნიორს, ტრანსატლანტიკურ მხარეებს და შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის ძლიერი პარტნიორობა იყოს. მე ნამდვილად ვაფასებ იმას, რასაც პრეზიდენტი ბაიდენი აკეთებს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ორმხრივ მოლაპარაკებებში. ძალიან რთული დღის წესრიგი აქვთ. მაგრამ ეს არის ძალა და ლიდერობა, რასაც ის აკეთებს“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე, 14 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა. შოლცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 14 თებერვალს კიევში შეხვდება. 15 თებერვალს კი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც ვლადიმერ პუტინთან გამართავს მოლაპარაკებებს.