პოლიტიკურმა პარტიებმა და მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ ანტისაოკუპაციო საბჭოს დაფუძნების შესახებ საოკუპაციო ხაზთან განაცხადეს. საბჭოში „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ გაერთიანდნენ.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პოლიტიკური პარტიები სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ოკუპაციის თემის გარშემო უნდა გაერთიანდნენ და საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში უნდა დააბრუნონ.
„ჩვენ, როგორც პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვაღიარებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნის და მომავალი თაობების წინაშე, ვერთიანდებით ანტიოკუპაციური საკოორდინაციო საბჭოს სახელით იმისთვის რომ:
დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია პოლიტიკურ დღის წესრიგში, ვიმოქმედოთ პროაქტიულად და შევძლოთ ახალი საფრთხეების პრევენცია, ვაიძულოთ სახელმწიფო მიიღოს ქმედითი ნაბიჯები, გავზარდოთ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში, გავაუმჯობესოთ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების ხარისხი და შევცვალოთ მათი როლი დეოკუპაციის პროცესში.
ამ ინიციატივას აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ძირითადი პრიორიტეტები: ინფორმაციული მხარდაჭერა, პოლიტიკურ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების სამართლებრივი დაცვა, სოციალური საკითხების სისტემური მოგვარება, ინიციატივის მხარდამჭერი საერთო ფონდის შექმნა“.
საბჭოს დაარსების ინიციატორი ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ იყო.