NATO განიხილავს გრძელვადიან სამხედრო პოზიციას აღმოსავლეთ ევროპაში, რათა გააძლიეროს თავისი თავდაცვა. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა მიმდინარეობს პროცესის განხილვა. 7 თებერველს, სტოლტენბერგმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას NATO-ს შტაბ-ბინაში უმასპინძლა. საუბრის თემა უკრაინასა და მის გარშემო რუსული სამხედრო ძალების გაძლიერება იყო.
გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ NATO-ს ძალების მზადყოფნა უკვე გაიზარდა და ალიანსი განიხილავს დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განლაგებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ის მიესალმა იმ ფაქტს, რომ შტატები გზავნის დამატებით ძალებს პოლონეთში, გერმანიასა და რუმინეთში, რაც „ამერიკის ერთგულების ძლიერი დემონსტრირებაა ალიანსის მიმართ“.
„თუ რუსეთს ნამდვილად სურს ნაკლები NATO საზღვრებთან ახლოს, ისინი პირიქით მიიღებენ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
NATO ღიაა დიალოგისთვის პოლიტიკური გადაწყვეტის მოსაძებნად: „დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს მოწვევას რუსეთის მიმართ, რომ NATO-რუსეთის საბჭოში NATO-ს მოკავშირეებს შეხვდეს. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ მათ შეშფოთებას, განვიხილოთ NATO-რუსეთის ურთიერთობები, რისკის შემცირება და გამჭვირვალობა, შეიარაღების კონტროლი, განიარაღება და გაუვრცელებლობა და სხვა საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს უსაფრთხოებაზე. მაგრამ NATO არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან მიმართებით, რომ დავიცვათ ყველა მოკავშირე და თითოეული ერის უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გზა“.
ლიდერებმა ასევე განიხილეს რუსეთისა და ჩინეთის ბოლო ერთობლივი განცხადება, რომელშიც ორივე ქვეყანა NATO-ს ახალი წევრების მიღების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. სტოლტენბერგის თქმით, ეს არის „მცდელობა, სუვერენულმა ქვეყნებმა უარი თქვან საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლებაზე, ეს უფლებაა დაფიქსირებული ძირითად საერთაშორისო დოკუმენტებში“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO პატივს სცემს ყველა ქვეყნის გადაწყვეტილებას, აირჩიოს თავისი მიმართულება.
„ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს და არა, დავბრუნდეთ გავლენის სფეროების ეპოქაში, სადაც დიდ ძალებს შეუძლიათ, სხვებს უთხრან, რისი გაკეთება შეუძლიათ ან არ შეუძლიათ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან.