რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა.
ყაზახეთში იანვარში განვითარებულ მოვლენეზე საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყანა ზოგიერთი საერთაშორისო ჯგუფის მსხვერპლი გახდა, რომლებმაც ისარგებლეს ქვეყანაში არსებული რთული სიტუაციით.
პუტინმა აღნიშნა, რომ თოყაევი ახლა გამოწვევის წინაშე დგას არეულობის შედეგად მიყენებული ზიანის გამო. პუტინის თქმით, ყაზახეთს შეუძლია, გამოიყენოს „რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი“.
თავის მხრივ, თოყაევმა მადლობა გადაუხადა პუტინს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ყაზახეთში იანვრის მოვლენების გამოძიება მიმდინარეობს.
„მართლაც, ეს იყო საერთაშორისო ტერორისტებისა და ბანდიტების მიერ საგულდაგულოდ მომზადებული ოპერაცია, რომლებიც თავს დაესხნენ ყაზახეთს იმ მიზნით, რომ, პირველ რიგში, დაერღვიათ კონსტიტუციური წესრიგი და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო გადატრიალება მოეხდინათ“, - განაცხადა თოყაევმა.
რუსეთი ყაზახეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია.