გაეროში აშშ-ის ელჩი: იმედი მაქვს, ჩინეთი რუსეთს უკრაინის საკითხზე სწორი მოქმედებისკენ მოუწოდებს

გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი რუსეთს უკრაინის საკითხზე სწორი მოქმედებისკენ მოუწოდებს.

დასავლელი დიპლომატები იმედოვნებენ, რომ დაარწმუნებენ პეკინს, კვლავ არ დაიკავოს რუსეთის მხარე, თუ მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩინელები თავიანთ როლს ითამაშებენ, რათა რუსებს სწორი მოქმედებისკენ უბიძგონ. ჩინელებმა უშიშროების საბჭოში ძლიერი პოზიცია დააფიქსირეს საზღვრების მთლიანობისა და სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვის კუთხით. ზუსტად ამას აკეთებენ რუსები - საზღვრის მთლიანობას ემუქრებიან“, - აღნიშნა ლინდა თომას-გრინფილდმა.

ცნობისთვის, დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები.

მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.