ბლინკენი ლავროვს: უკრაინაში რუსეთის შეჭრას გადამწყვეტი, მასიური და ერთიანი ტრანსატლანტიკური პასუხი მოჰყვება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა, რათა განეხილა მწვავე და საერთო შეშფოთება იმის თაობაზე, რომ რუსეთი შესაძლოა, განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო აგრესიის განხორციელებას უახლოეს დღეებში. ამ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტო ავრცელებს.

მისივე ცნობით, სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ დიპლომატიური გზა კრიზისის მოგვარებისთვის ღია რჩება, მაგრამ ეს მოითხოვს რუსეთის მხრიდან დეესკალაციას და კეთილსინდისიერ დისკუსიებში ჩართვას.

სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ მოსკოვი აგრესიის გზას დაადგება და უკრაინაში შეიჭრება, ეს გამოიწვევს გადამწყვეტ, მასიურ და ერთიან ტრანსატლანტიკურ პასუხს. 

თავის მხრივ, სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ლავროვმა ბლინკენს უთხრა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები პროპაგანდისტულ კამპანიას ეწევიან უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესახებ. ლავროვმა დასავლეთი რუსეთის მიერ მომზადებული უსაფრთხოების წინადადებების ძირითადი დებულებების იგნორირებაში დაადანაშაულა.


შეგახსენებთ, Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მზადაა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში კოორდინირებული, მძიმე ზომებით უპასუხოს. 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს.

„მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელორუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა 11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება კიევის პოზიციას, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.


ამავე თემაზე:

უკრაინის პრეზიდენტი: ჩვენ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ და ვაანალიზებთ