ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად გაერთიანებულები ვართ რუსეთის განზრახვების წინააღმდეგ

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ექსკლუზიური კომენტარი რუსეთის გადაწყვეტილებაზე, შეიჭრას უკრაინაში და საპასუხო ზომებზე


ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მზადაა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში კოორდინირებული, მძიმე ზომებით უპასუხოს.  Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა რუსეთის მხრიდან უკრაინაში შესაძლო შეჭრის შესახებ ისაუბრა.

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს. რუსეთის მიმართ საპასუხო ნაბიჯებთან დაკავშირებით, არის თუ არა უკვე კონკრეტული გეგმა პარტნიორებთან ერთად შემუშავებული; კოორდინაცია და ერთსულოვნება როგორც ევროკავშირის, ისე NATO-ს, დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებთან ერთად? ამ შეკითხვით მიმართა Europetime-მა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს.

„ჩვენ გაერთიანებულნი ვართ რუსეთის განზრახვების წინააღმდეგ და ასევე ერთგულები ვრჩებით ჩვენი გადაწყვეტილების, დავაწესოთ ზომები, რომლებსაც რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება, იმის გათვალისწინებითაც, რომ მათ დასაკისრებლად თითოეული ჩვენგანი (პარტნიორი სახელმწიფოები) იყენებს საკუთარ უფლებამოსილებებსა და ინსტრუმენტებს.

ამას მოწმობს დიდი შვიდეულის, ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერების საჯარო კომენტარები“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.


ასევე წაიკითხეთ:

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გაძლიერების შესახებ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას უკრაინა მიესალმა

ჯეიკ სალივანი: თუ რუსეთი თავდასხმას დაიწყებს, სავარაუდოდ, ის ამას საჰაერო დაბომბვით და სარაკეტო თავდასხმებით გააკეთებს

ჯეიკ სალივანი ამერიკელებს მოუწოდებს, უკრაინა 48 საათის განმავლობაში დატოვონ

მაიკლ კარპენტერი: თუ რუსეთი სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს, მზად ვართ, დავაწესოთ მძიმე და უპრეცედენტო ზომები