18 დეკემბერს, რომის სტატუტის წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის მე-19 სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში გამართულ არჩევნებში, საქართველოს კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ (2021-2030 წლების ვადით) აირჩიეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს მორიგ საერთაშორისო წარმატებას ულოცავს პროფესიულ სფეროში.
„ვულოცავ გოჩა ლორთქიფანიძეს და ჩვენს ქვეყანას ამ დიდ გამარჯვებას! ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გახდა. მოსამართლის 6 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, საქართველოსთან ერთად 17 კანდიდატი იყო წარდგენილი სხვადასხვა რეგიონიდან: ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, ბურკინა-ფასო, კოლუმბია, კონგოს რესპუბლიკა, კოსტა- რიკა, ეკვადორი, საბერძნეთი, მექსიკა, მონღოლეთი, ნიგერია, სიერა ლეონე, ტრინიდადი და ტობაგო, ტუნისი, გაერთიანებული სამეფო და ურუგვაი. მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში პარტნიორ სახელმწიფოებს მხარდაჭერისთვის, ბევრ ჩემს კოლეგას, ვინც პირადი საუბრებისას მიდასტურებდნენ ამ მხარდაჭერას, ასევე საქართველის დიპლომატიურ კორპუსს, რომელთაც დიდი სამუშაო გასწიეს ამ შედეგისთვის.“, - აღნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
18 დეკემბერს ICC -ის არჩევნების მხოლოდ ორი რაუნდი გაიმართა, რომლის შედეგადაც აირჩიეს დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს კანდიდატები. არჩევნები განახლდება 21 დეკემბერს, დარჩენილი 4 მოსამართლის ასარჩევად.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პირველი მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალია, რომელიც ფიზიკური პირების ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განხილავს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ოთხი ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის: გენოციდი, ომის დანაშაულები, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და აგრესიის დანაშაული. სასამართლო 1998 წლის რომის სტატუტის საფუძველზე შეიქმნა, რომელიც ძალაში 2002 წელს შევიდა. სასამართლო ქ. ჰააგაში მდებარეობს. 2020 წლის მდგომარეობით, რომის სტატუტი 123 სახელმწიფოს მიერ არის რატიფიცირებული. საქართველო რომის სტატუტს 2003 წლის 5 სექტემბერს შეუერთდა.
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტს 18 დეკემბერს წარუდგინა.