გენადი ბესტაევი გარდაიცვალა

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული გენადი ბესტაევი, რომელიც მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გარდაიცვალა.

2021 წლის 16 ნოემბერს ბესტაევი ცხინვალის ციხიდან თბილისში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

რადიო თავისუფლების ცნობით, ბესტაევი ჯერ ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში მოათავსეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ მძიმე იყო. მოგვიანებით, პალიატიურ კლინიკა „რედში“ გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოკუპირებული ცხინვალიდან გენადი ბესტაევის გადმოყვანასთან დაკავშირებით, დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის სპეციალური განცხადება ნოემბერში გაცრცელდა, რომლის თანახმად, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული გენადი ბესტაევი შეიწყალა.

სუს-ი იუწყებოდა, რომ „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს 2021 წლის 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

გენადი ბესტაევი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები 2019 წელს დააკავეს. ე.წ. „საზღვრის დარღვევის გამო“, ის ნარკოტიკის კონტრაბანდის ბრალდებით გაასამართლეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

გენადი ბესტაევი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში ცხოვრობდა. ის საოკუპაციო ძალებმა რამდენჯერმე დააკავეს.