პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს მოუსმინეს. უწყების ხელმძღვანელმა კანონმდებლებს სამსახურის საქმიანობის ანგარიში და ინსტიტუციური განვითარების პრიორიტეტები გააცნო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა წარმოადგინა ინფორმაცია უწყების მიერ 2021 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ. მათ შორის, ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის დასაცავი პირების და ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მან ისაუბრა გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ინსტიტუციური განვითარების პრიორიტეტებს და პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან არსებულ საერთაშორისო თანამშრომლობას.
ნდობის ჯგუფი აქტიურად აგრძელებს წლიური მოხსენებების მოსმენას და როგორც კი დასრულდება აღნიშნული პროცესი, ჩვენ გადავალთ შესაბამისი უწყებების თემატურ მოსმენებზე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პარლამენტის ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.