აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით.
„რუსეთი იძულებული იქნება, უპასუხოს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებების განხორციელებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში რუსული მედიის ცნობით.
მოსკოვის პასუხში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის NATO-ში მიღების შემთხვევაში, რეალური საფრთხე არსებობს, რომ უკრაინის ხელისუფლება ძალის გამოყენებით შეეცდება ყირიმის დაბრუნებას და აშშ-სა და მის მოკავშირეებს რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაითრევს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უნდა შეწყდეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ყველა დასავლელმა მრჩეველმა და ინსტრუქტორმა უკრაინა უნდა დატოვოს, NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივ სამხედრო სწავლებებზე უარი უნდა თქვან და უკრაინიდან უნდა გაიტანონ ის უცხოური შეიარაღება, რომელიც კიევს აქამდე მიაწოდეს.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთის მიერ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეერთებულ შტატებთან შეთანხმების პროექტის ძირითად ელემენტებს ამერიკულმა მხარემ კონსტრუქციული პასუხი არ გასცა.