11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. Lockheed C-130 Hercules-ს, რომელსაც თურქეთის საჰაერო ძალები 1963 წლიდან იყენებს, აქტიურად გამოიყენება 60-ზე მეტ ქვეყანაში.
რა მახასიათებლები აქვს C130 სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავს? რამდენი მგზავრის გადაყვანა შეუძლია, რა დიაპაზონისაა, რა სიჩქარის და რომელ ქვეყანას ეკუთვნის? ამ საკითხზე მოამზადა სტატია თურქულმა მედია, რომლის მიხედვითაც, ხსენებული თვითმფრინავი შექმნილია სამხედრო ტვირთის, ჯარისკაცების და საევაკუაციო პერსონალის გადასაყვანად და შეერთებულ შტატებში 1956 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. Lockheed C-130 Hercules არის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ოთხი ტურბოპროპელერიანი ძრავით, რომელიც შექმნილი და წარმოებულია ამერიკული Lockheed Martin-ის მიერ.
ის მალევე გამოიყენა მრავალმა ქვეყანამ, განსაკუთრებით - ავსტრალიამ. თავისი ექსპლუატაციის განმავლობაში, Hercules-ი მონაწილეობდა მრავალ სამხედრო, სამოქალაქო თუ ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციაში. 2007 წელს ის გახდა მეხუთე თვითმფრინავი, რომელიც თავის თავდაპირველ მომხმარებელს, აშშ-ის საჰაერო ძალებს, 50 წლის განმავლობაში უწყვეტად ემსახურებოდა.
2024 წლის მონაცემებით, მისი წარმოების 70 წელი შესრულდა, რაც მას უწყვეტი წარმოების ყველაზე ხანგრძლივ სამხედრო თვითმფრინავად აქცევს. 1954 წლიდან სულ წარმოებულია 2500-ზე მეტი თვითმფრინავი და მას 60-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის, აშშ, კანადა და ავსტრალია აქტიურად იყენებენ. თურქეთის საჰაერო ძალები 1963 წლიდან იყენებს ამ თვითმფრინავს, რომელსაც სრულად აღჭურვილი 74 ჯარისკაცის გადაყვანა შეუძლია.
ფრენის დიაპაზონი 2,000 კმ-ია.
მაქსიმალური სიჩქარე: 620 კმ/სთ.
ტევადობა: 92 მგზავრი/72 სრულად აღჭურვილი ჯარისკაცი/ 64 მედესანტე.