G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კვლავ ღრმად შეშფოთებულნი არიან რუსეთის მიერ უკრაინის ირგვლივ, ანექსირებულ ყირიმსა და ბელორუსში სამხედრო გაძლიერების გამო. შესაბამისი განცხადების ტექსტი კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოაქვეყნეს.
მინისტრების განცხადებით, რუსეთის მიერ სამხედრო ძალების გაუმართლებელი, უპრეცედენტოდ მასიური განლაგება ევროპის კონტინენტზე, ცივი ომის დასრულების შემდეგ, გამოწვევაა გლობალური უსაფრთხოებისა და საერთაშორისო წესრიგისთვის.
„მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა, განმუხტოს დაძაბულობა, გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრებიდან და სრულად დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის რისკის შემცირებისა და სამხედრო მოქმედებების გამჭვირვალობის შესახებ. როგორც პირველი ნაბიჯი, ჩვენ ველით, რომ რუსეთი შეასრულებს მის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მოქმედებების შემცირების შესახებ განცხადებას. ჩვენ ამ შემცირების შესახებ რაიმე მტკიცებულება ჯერ არ გვინახავს. რუსეთს მისი ქმედებების მიხედვით შევაფასებთ. ჩვენ ასევე მხედველობაში მივიღეთ რუსეთის ბოლო განცხადებები, რომ მას სურს დიპლომატიური ჩართულობა.
ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს ვალდებულებას დიალოგის გაგრძელების თაობაზე, ორმხრივი ინტერესის საკითხებზე, როგორიცაა, ევროპული უსაფრთხოება, რისკის შემცირება, გამჭვირვალობა, ნდობის აღდგენა და შეიარაღების კონტროლი.
ჩვენ ასევე ვიმეორებთ ჩვენს ვალდებულებას, ვიპოვოთ მშვიდობიანი და დიპლომატიური გადაწყვეტა მიმდინარე კრიზისისთვის და მოვუწოდებთ რუსეთს, მიიღოს დიალოგის შეთავაზება აშშ-რუსეთის სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის, NATO-რუსეთის საბჭოსა და ეუთოს მეშვეობით. ჩვენ მივესალმებით ეუთოს ევროპული უსაფრთხოების განახლებულ დიალოგს, რომელიც დაიწყო პოლონეთის მოქმედი თავმჯდომარეობით და გამოვთქვამთ ჩვენს მტკიცე იმედს, რომ რუსეთი მასში ჩაერთვება კონსტრუქციული გზით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
მისივე თანახმად, რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას ექნება უზარმაზარი შედეგები, მათ შორის ფინანსური და ეკონომიკური სანქციები სექტორულ და ინდივიდუალურ სამიზნეების ფართო სპექტრსა და რუსეთის ეკონომიკისთვის უპრეცედენტო ხარჯები. ჩვენ მივიღებთ კოორდინირებულ შემაკავებელ ზომებს მსგავსი მოვლენის შემთხვევაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ნებისმიერი მუქარა ან ძალის გამოყენება ეწინააღმდეგება იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებსაც ეფუძნება წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს სოლიდარობას უკრაინელი ხალხისადმი და მხარს ვუჭერთ უკრაინის ძალისხმევას, გააძლიეროს თავისი დემოკრატია და ინსტიტუტები, წაახალისოს შემდგომი პროგრესი რეფორმების მიმართულებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის, მისი ხალხის კეთილდღეობის შენარჩუნების მიზნით დახმარება. 2014 წლიდან ჩვენს დახმარებაზე დაყრდნობით, მზად ვართ, უკრაინის ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციით, ხელი შევუწყოთ უკრაინის მდგრადობის გაძლიერებას.
ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებსა და ტერიტორიულ წყლებში. ჩვენ ვადასტურებთ ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლებას, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და უსაფრთხოების ზომები. ჩვენ მივესალმებით უკრაინის თავშეკავებულ პოზიციას მუდმივი პროვოკაციებისა და დესტაბილიზაციის მცდელობების ფონზე“, - აღნიშნავენ G7-ის მინისტრები.
განცხადების ავტორები მხარს უჭერენ გერმანიისა და საფრანგეთის ძალისხმევას ნორმანდიის პროცესის მეშვეობით მინსკის შეთანხმებების სრული შესრულების უზრუნველსაყოფად, რაც ერთადერთი გზაა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწყვეტისთვის.
„ჩვენ ვაღიარებთ პრეზიდენტის ზელენსკის საჯარო განცხადებებს, სადაც ხაზგასმულია უკრაინის მტკიცე ვალდებულება მინსკის შეთანხმებებისადმი და მის მზადყოფნას კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს პროცესში. უკრაინის წინადადებები სერიოზულ განხილვას იმსახურებს რუსი მომლაპარაკებლების და რუსეთის ფედერაციის მთავრობის მხრიდან. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გამოიყენოს ის შესაძლებლობა, რომელსაც უკრაინა გვთავაზობს დიპლომატიური წინსვლისთვის. რუსეთმა უნდა მოახდინოს დეესკალაცია და შეასრულოს ვალდებულებები მინსკის შეთანხმებების შესაბამისად. ძალზედ შემაშფოთებელია ბოლო დღეებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტების მატება, ვგმობთ მძიმე შეიარაღების გამოყენებას და სამოქალაქო ტერიტორიების განურჩევლად დაბომბვას, რაც წარმოადგენს მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევას.
ასევე ვგმობთ, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ რუსული პასპორტების გადაცემას უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიების მცხოვრებლებისთვის. ეს აშკარად ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებების სულისკვეთებას.
ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ თვითგამოცხადებული „სახალხო რესპუბლიკების“ მიერ მიღებული ზომებით, რომლებიც სამხედრო ესკალაციის საფუძვლად უნდა ჩაითვალოს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ინსცენირებული ინციდენტები შეიძლება, გამოყენებული იყოს შესაძლო სამხედრო ესკალაციის საბაბად. რუსეთმა უნდა გამოიყენოს თავისი გავლენა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებზე, თავშეკავებისა და დეესკალაციისთვის.
ამ კონტექსტში, ჩვენ მტკიცედ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მიმართ, რომლის დამკვირვებლები მთავარ როლს ასრულებენ დეესკალაციის მცდელობებში. ამ მისიას უნდა მიეცეს უფლება, შეასრულოს თავისი სრული მანდატი თავისი საქმიანობის შეზღუდვისა და გადაადგილების თავისუფლების გარეშე აღმოსავლეთ უკრაინაში ხალხის და უსაფრთხოების სასარგებლოდ“, - აღნიშნულია განცხადებაში.