აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, 14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით დაუკავშირდა.
განცხადების თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დაგმო კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა უკრაინაში აზერბაიჯანის საელჩოს ადმინისტრაციულ შენობაზე, რაც რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგი იყო და სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ამ ინციდენტთან დაკავშირებით.“
„სახელმწიფოს მეთაურმა, თავის მხრივ, ასევე დაგმო უკრაინაში ჩვენი ქვეყნის საელჩოს შენობაზე განხორციელებული კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა და სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ამასთან დაკავშირებით, ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ მსგავსი თავდასხმები მიუღებელია საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების მიხედვით,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, კიევში აზერბაიჯანის საელჩოზე იერიშის გამო, აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა.
„შეხვედრის დროს მწვავე პროტესტი გამოითქვა 14 ნოემბერს დაახლოებით 01:00 საათზე უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო და დრონების თავდასხმის შედეგად, ერთ-ერთი „ისკანდერის“ ტიპის რაკეტის აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნასთან დაკავშირებით და მიხეილ ევდოკიმოვს შესაბამისი ნოტა გადაეცა.
რუსულ მხარეს შეატყობინეს, რომ ბოლო აფეთქებამ გამოიწვია საელჩოს პერიმეტრის კედლის ნაწილის სრული განადგურება, სტრუქტურების, სამსახურებრივი მანქანების, ადმინისტრაციული შენობის, საელჩოს საკონსულო სექციის და ასევე დიპლომატიური მისიის შენობის სერიოზული დაზიანება. საბედნიეროდ, ამ დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია…
შეხვედრის დროს აღნიშნულ იქნა, რომ ჩვენს დიპლომატიურ მისიებზე მსგავსი დარტყმები მიუღებელია და მოთხოვნილ იქნა, რომ რუსულმა მხარემ საკითხზე შესაბამისი გამოძიება ჩაატაროს და დეტალური ახსნა მოგვაწოდოს,“ - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი სარაკეტო დარტყმები, რომლებიც „საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება“, აქამდეც ხორციელდებოდა. კერძოდ აღინიშნება, რომ 2022 წლის 10 მარტს ხარკოვში აზერბაიჯანის საპატიო საკონსულოს შენობაზე ავიადარტყმის შედეგად ადმინისტრაციული შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ასევე აღნიშნულ იქნა აქამდე აზერბაიჯანის საელჩოს მახლობლად ჩამოვარდნილი რუსული რაკეტების შემთხვევები (2024 წლის 2 იანვარსა და 2025 წლის 28 აგვისტოს) და ოდესის ოლქში SOCAR-ის ნავთობსაცავის დაბომბვა (2025 წლის 18 აგვისტოს).
„აღნიშნულ იქნა, რომ ყველა ეს ფაქტი კითხვებს ბადებს სარაკეტო დარტყმების განზრახ განხორციელებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მორიგი მასირებული შეტევა საგანგებოდ იყო გათვლილი ისე, რომ რაც შეიძლება დიდი ზიანი მიეყენებინა ხალხისთვის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის. ზელენსკიმ ევროპას და აშშ-ს კიდევ ერთხელ მოუწოდა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემებით დაეხმარონ.
- ზელენსკისთან საუბრისას, ალიევმა Socar-ის ნავთობის საცავ ობიექტზე რუსეთის იერიში დაგმო
- პუტინმა აღიარა, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავის მახლობლად რუსული რაკეტები აფეთქდა - BBC